კელი დეგნანი - სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022“ აშშ-საქართველოს ერთგულების სიმბოლოა, გავაძლიეროთ პარტნიორის შესაძლებლობები და განვავითაროთ ნდობა
კელი დეგნანი - სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022“ აშშ-საქართველოს ერთგულების სიმბოლოა, გავაძლიეროთ პარტნიორის შესაძლებლობები და განვავითაროთ ნდობა

მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022“ ვაზიანის მე-11 პოლიგონზე ოფიციალურად დასრულდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ კოლოფებად მოწყობილ სწავლებაში მონაწილე ქვეყნების პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა და აშშ-ის არმიის V კორპუსის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ჯეფრი ბროუდვოთერმა.

უწყების ცნობით, სიტყვით გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსთვის საერთაშორისო სწავლებებისა და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე და „ღირსეული პარტნიორი 2022“-ში მონაწილე სამხედროებს სწავლების წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადეს.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ღონისძიება სწავლებაში მონაწილე პირადი შემადგენლობის დაჯილდოებით გაგრძელდა. თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უცხოელი და ქართველი სამხედროები წვრთნებში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებით – „ღირსეული პარტნიორი“, „გენერალი მაზნიაშვილი“ და „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის დახურვა საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო. სპეციალურად ამ დღეზე დასასწრებად საქართველოში უცხოელი გენერლები ჩამოვიდნენ აშშ-დან, საბერძნეთიდან, რუმინეთიდან და პოლონეთიდან. ვაზიანის მე-11 პოლიგონზე მრავალეროვნული სწავლების დახურვის ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის წევრები, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისისა (ODC) და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები.

სწავლების ოფიციალურ დახურვამდე ვაზიანის მე-11 პოლიგონზე საბრძოლო სროლებით მრავალეროვნული ბატალიონის დონის კომბინირებული საჩვენებელი სწავლება ჩატარდა. სიმულაციური სცენარის მიხედვით, მოწინააღმდეგემ მრავალეროვნული ბატალიონის თავდაცვით პოზიციების შეუტია, რის შემდეგაც მრავალეროვნულმა ბატალიონმა კომბინირებული მოქმედებით მოწინააღმდეგე გაანადგურა და კონტრშეტევაზე გადავიდა, მოწინააღმდეგის დარჩენილი ძალების დამარცხების მიზნით.

მრავალეროვნულმა ბატალიონმა მოწინააღმდეგის განადგურების მიზნით ტანკსაწინააღმდეგო სისტემებიდან „ჯაველინი“ სამი გასროლა განახორციელა. კონტრშეტევის დროს მოწინააღმდეგის თავდაცვითი დაბრკოლებების გარღვევა მრავალეროვნულმა საინჟინრო ასეულმა განახორციელა, რომელიც აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ოცეულისა და აშშ-ის ეროვნული გვარდიის დასავლეთ ვირჯინიის შტატის საინჟინრო ოცეულისგან იყო დაკომპლექტებული.

წელს საქართველომ „ღირსეულ პარტნიორს“ მეექვსედ უმასპინძლა. როგორც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, წვრთნებს ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობა (USAREUR). მრავალეროვნულ სწავლებაში 2 400-ზე მეტი სამხედრო იყო ჩართული.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წლევანდელი მრავალეროვნული წვრთნების მონაწილეები იყვნენ: საქართველო, აშშ, ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდოვა, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, ნორვეგია, უნგრეთი, ლიეტუვა, აზერბაიჯანი, გერმანია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ესტონეთი, პოლონეთი, იაპონია, ლიეტუვა-პოლონეთი-უკრაინის მრავალეროვნული ბრიგადა და შვედეთის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ცენტრი (SWEDINT).

როგორც საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, „ღირსეული პარტნიორი 2022“ აშშ-საქართველოს ერთგულების სიმბოლოა.

„სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022“ ჩვენი ერთგულების სიმბოლოა, გავაძლიეროთ პარტნიორის შესაძლებლობები და განვავითაროთ ნდობა. ეს სწავლება ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებისას ჩვენი თანამშრომლობის ეფექტიანობას გვიჩვენებს. მკაფიოდ რომ ვთქვა: ეს არის ძლიერი ურთიერთობა, რომელიც აფერხებს პოტენციურ მოწინააღმდეგეს. „ღირსეული პარტნიორი“ შესაძლებლობას იძლევა, გავაუმჯობესოთ ჩვენი ერთობლივი და მრავალეროვნული მზადყოფნა და გავაძლიეროთ სანდო ძალები ევროპის მასშტაბით. მსგავსი სახის სწავლებებით საქართველო მომზადებას გადის და ამავე დროს ხელს უწყობს აშშ-ის, ნატო-სა და პარტნიორი სამხედროების მზადყოფნასა და ურთიერთთავსებადობას, რათა უკეთესად მომზადებული შეხვდნენ დღევანდელ რთულ გამოწვევებს. საქართველოს მზადყოფნა და ვალდებულება, უმასპინძლოს მრავალეროვნულ წვრთნებს, ნათლად გვიჩვენებს საქართველოს, როგორც აშშ-სა და ნატო-ს სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობას. ამერიკის შეერთებულ შტატებს ასევე, სურს, აღიაროს და მადლობა გადაუხადოს ყველა იმ ქვეყანას, ვინც მონაწილეობდა „ღირსეულ პარტნიორში“. შეერთებული შტატები განაგრძობს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სამხედრო წვრთნებში ინვესტიციებს, რათა ხელი შეუწყოს რეგიონულ სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და ნდობის ჩამოყალიბებას. „ღირსეული პარტნიორი“ შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს, ისევე როგორც ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს აძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, ერთმანეთის მხარდამხარ გაიარონ წვრთნები და შექმნან უფრო ძლიერი, თავსებადი ძალა, რაც აუცილებელია გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ამასთან, გენერალ-მაიორის, აშშ-ის არმიის V კორპუსის მეთაურის მოადგილის, ჯეფრი ბროუდვოთერის განცხადებით, სწავლება, რომელიც კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, ორი ათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს შორის თანამშრომლობის ნათელი მაგალითია.

„დღეს ჩვენ ვიმყოფებით „ღირსეული პარტნიორის“ დახურვის ცერემონიალზე, რომელიც მეექვსედ ჩატარდა. სწავლება, რომელიც კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, ორი ათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს შორის თანამშრომლობის ნათელი მაგალითია. აშშ-ის ევროპის სარდლობის, ჯორჯიის შტატისა და დასავლეთ ვირჯინიის ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეებმა ქართულ მექანიზებულ და სპეციალური ოპერაციების ძალებთან ერთად, ასევე 19 ქვეყნის სამხედროებთან ერთად კომბინირებული ოპერაციები განახორციელეს. ამით მათ ხელი შეუწყვეს მრავალეროვნული და რეგიონული დონის ურთიერთთავსებადობას. მათ გააძლიერეს მზადყოფნა მრავალეროვნული სამეთაურო და კონტროლის შესაძლებლობების მეშვეობით. მჯერა, სწავლების მეშვეობით თითოეულმა მონაწილე ქვეყანამ განავითარა ნდობა და გააძლიერა პარტნიორობა“, – განაცხადა ჯეფრი ბროუდვოთერმა.