კელი დეგნანი - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქართველმა ექსპერტებმა შესანიშნავი სამუშაო გასწიეს ტესტირების, ასევე მთავრობისა და საზოგადოებისთვის ზუსტი რეკომენდაციების მიცემით, რათა ქართველმა ხალხმა შეძლოს ვირუსის შეკავება
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქართველმა ექსპერტებმა შესანიშნავი სამუშაო გასწიეს სადიაგნოსტიკო ტესტირების, ასევე მთავრობისა და საზოგადოებისთვის ზუსტი სამედიცინო რეკომენდაციების მიცემის თვალსაზრისით, რათა ქართველმა ხალხმა პასუხისმგებლობით შეძლოს ვირუსის შეკავება, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კელი დეგნანმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან განაცხადა, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილთან ერთად იმყოფებოდა.
მისივე თქმით, ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმები უბრალოდ სიცრუე და უპასუხისმგელობაა.
კელი დეგნანმა ასევე აღნიშნა, რომ განსაკუთრებით „კოვიდის“ დროს, დამატებითი საფრთხე ბორდერიზაციის სახით არაჰუმანურია.
„ვფიქრობ, რომ უკანასკნელ პერიოდში დაფიქსირებული ბორდერიზაციის საკითხები ძალიან შემაშფოთებელია და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მე აქ მოვედი, რათა მენახა ჩემი თვალით, რა ხდება. განსაკუთრებით კოვიდის დროს, როდესაც ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა გადავარჩინოთ სიცოცხლე, დამატებითი საფრთხე ბორდერიზაციის სახით არაჰუმანურია. როგორც ვიცი, გადასასვლელები დაიკეტა სექტემბერში, სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და მათი გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის და სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება რომ ჰქონოდათ. გულდასაწყვეტია ამგვარი სამხედრო-პოლიტიკურ ვითარების ნახვა.
მე ასევე ძალიან შეშფოთებული ვარ გარკვეული დეზინფორმაციის გამო, რომელსაც ვეცნობი. ჰაკერები და უპასუხისმგებლო ადამიანები რუსეთსა და სხვა ადგილებში თავს ესხმიან საქართველოს და ლუგარის ლაბორატორიას პანდემიის კონტროლის პროცესში, იმ დროს როდესაც მთელი მსოფლიო იბრძვის. ყველამ იცის ლუგარის ლაბორატორია, რომელსაც ქართველები მართავენ და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქართველმა ექსპერტებმა შესანიშნავი სამუშაო გასწიეს სადიაგნოსტიკო ტესტირების, ასევე მთავრობისა და საზოგადოებისთვის ზუსტი სამედიცინო რეკომენდაციების მიცემის თვალსაზრისით, რათა ქართველმა ხალხმა პასუხისმგებლობით შეძლოს ვირუსის შეკავება. ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმები უბრალოდ სიცრუე და უპასუხისმგელობაა და ძალიან ვწუხვარ, როცა ამას ვხედავ“, – განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კელი დეგნანმა.