კელი დეგნანი - საქართველომ ვირუსთან ბრძოლის პირველ ნაწილს კარგად გაართვა თავი, ახლა დელიკატურ პერიოდს ვუახლოვდებით, დარწმუნებული ვარ, ქვეყანა აღნიშნულ ეტაპსაც წარმატებით გადალახავს
საქართველოში ნათლად ჩანს, რომ ჯანდაცვის სისტემა ძალიან გამართულად მუშაობს და შთამბეჭდავად ართმევს თავს პანდემიას, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ჯანდაცვის სამინისტროს „პისიარ“ ტესტის ორი აპარატი და 4 000 ტესტი გადასცა. როგორც აშშ-ის ელჩმა ცერემონიაზე განაცხადა, აღნიშნული დონაცია საქართველოს დაეხმარება ტესტირების გამტარუნარიანობის გაზრდაში.
„საქართველოსთან ძალიან დიდი პარტნიორობა გვაკავშირებს. ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებას. ასეთ პერიოდში კი ნათლად ჩანს, რომ ჯანდაცვის სისტემა ძალიან გამართულად მუშაობს და შთამბეჭდავად ართმევს თავს პანდემიას. აღნიშნული დონაცია საქართველოს დაეხმარება ტესტირების გამტარუნარიანობის გაზრდაში. ტესტებისთვის განკუთვნილი აპარატები მოდერნიზებულია. თან მოჰყვება 4 000 ოქროს სტანდარტის „პისიარ“ ტესტი. ვირუსთან ბრძოლის კუთხით ჯერ მხოლოდ ნახევარი გზა გვაქვს გავლილი, ძალიან ბევრი დეტალი გამოჩნდება და გამოიკვეთება ეკონომიკის ხელახლა გახსნის გზაზე. ეს ტესტირების აპარატები, ასევე ის პირადი დაცვის საშულებები, რაც „დიტრამ“ გადასცა ჯანდაცვისა და სხვა სამინისტროებს, ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პროცესის სამართავად და განკუთვნილია ხალხის დაცვისათვის. ნიღბები, ხელთათმანები, ხალათები და ა.შ. მოგვცემს იმის საშულებას, რომ განვაგრძოთ ცხოვრება და ურთიერთობა, თუმცა ამავე დროს დავიცვათ თავი და საყვარელი ადამიანები და დროულად დავუბრუნდეთ საქმიანობას. ვფიქრობ, რომ საქართველომ ვირუსთან ბრძოლის პირველ ნაწილს ძალიან კარგად გაართვა თავი. ახლა საკმაოდ დელიკატურ პერიოდს ვუახლოვდებით და დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანა ყველაფერს აკეთებს და აღნიშნულ ეტაპსაც წარმატებით გადალახავს“ – აღნიშნა აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა.