კელი დეგნანი - საქართველო და აშშ ერთად მუშაობენ საქართველოს მომავლისთვის, ამის დასტურია საქართველოს მთელი რიგი მიღწევები, ვიცი, რომ შემდეგი 30 და მეტი წელი ასეთივე ნაყოფიერი იქნება
კელი დეგნანი - საქართველო და აშშ ერთად მუშაობენ საქართველოს მომავლისთვის, ამის დასტურია საქართველოს მთელი რიგი მიღწევები, ვიცი, რომ შემდეგი 30 და მეტი წელი ასეთივე ნაყოფიერი იქნება

მე და ჩემი გუნდი სრულად ვუჭერთ მხარს ქართველ ხალხს და ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან ყველა იმ ძალისხმევის განხორციელებაში, რომელიც მიმართულია საქართველოს ეკონომიკის გასაძლიერებლად, მისი უსაფრთხოებისა და საზღვრების დაცვის გასაუმჯობესებლად და იმ დემოკრატიული ინსტიტუტების გასავითარებლად, რომლებიც უმთავრესია ევროატლანტიკური მომავლისათვის, რაც ქართველების აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„30 წლის განმავლობაში შეერთებული შტატები საქართველოს უმთავრესი პარტნიორი და მტკიცე მხარდამჭერია მრავალ სხვადასხვა ფორუმზე; საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდამჭერია. მე და ჩემი გუნდი სრულად ვუჭერთ მხარს ქართველ ხალხს და ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან ყველა იმ ძალისხმევის განხორციელებაში, რომელიც მიმართულია საქართველოს ეკონომიკის გასაძლიერებლად, მისი უსაფრთხოებისა და საზღვრების დაცვის გასაუმჯობესებლად და იმ დემოკრატიული ინსტიტუტების განსავითარებლად, რომლებიც უმთავრესია ევროატლანტიკური მომავლისათვის, რაც ქართველების აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს წარმოადგენს. ვამაყობთ იმ მიღწევებით, რასაც საქართველომ განვლილი 30 წლის განმავლობაში მიაღწია. საკმაოდ შთამბეჭდავია, რასაც საქართველომ მიაღწია. ვამაყობთ, რომ ამაში ჩვენი წვლილი მიგვიძღვის, როგორც საქართველოს პარტნიორსა და საქართველოს ევროპული მომავლის ყველაზე ძლიერ და მტკიცე დამცველს, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

საქართველოში მოგზაურობისას ვხვდები ასობით ქართველს, რომლებსაც მეტი თანამშრომლობა სურთ შეერთებულ შტატებთან. ისინი ხედავენ, რომ ჩვენმა პარტნიორობამ ბოლო 30 წლის განმავლობაში გააუმჯობესა მათი ცხოვრების დონე და ნამდვილად ფუნდამენტური ცვლილებები მოახდინა განათლებაში, ჯანდაცვაში, ეკონომიკაში, საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობებში, სანაპირო დაცვასა და საზღვრის დაცვაში. ყველა ამ მიმართულებით საქართველო და შეერთებული შტატები ერთად მუშაობენ საქართველოს მომავლისათვის. ვფიქრობ, ამის დასტურია საქართველოს მთელი რიგი მიღწევები და ვიცი, რომ შემდეგი 30 და მეტი წელი ასეთივე ნაყოფიერი იქნება“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.