კელი დეგნანი - შემაშფოთებელია მსოფლიოში, საქართველოში გენდერული ნიშნით ძალადობის ზრდა, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ვთანამშრომლობთ მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან
საქართველოში გაერო-ს სააგენტოთა ჯგუფი, ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან პარტნიორობით, გენდერული თანასწორობის საკითხებზე ეროვნულ კონფერენციას მართავს.
კონფერენციას ესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოში გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი საბინე მახლი, ასევე დიპლომატიური კორპუსის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შემაშფოთებელია როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში ფემიციდის, გენდერული ნიშნით ძალადობის ზრდა და ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად აშშ-ს საელჩო მჭიდროდ თანამშრომლობს მთავრობასთან, სამართალდამცავ ორგანოებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან.
„ეს კონფერენცია უკვე ათი წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს ქალთა და გოგონათა სოციალური, ეკონომიკური უფლებებისა და შესაძლებლობების განვითარების კუთხით. მოგეხსენებათ, გენდერული თანასწორობა არის პრეზიდენტ ბაიდენის საგარეო პოლიტიკის ცენტრალური ნაწილი. ჩვენთვის შემაშფოთებელია ზოგადად, როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში ფემიციდისა და გენდერული ნიშნით ძალადობის ზრდა. აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მთავრობასთან, სამართალდამცავ ორგანოებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ამ კუთხით ცნობიერება გაიზარდოს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.