კელი დეგნანი - პარტიების ლიდერები თუ პირველ ადგილზე დააყენებენ საქართველოს ინტერესებს, მოუსმენენ ამომრჩეველს, ეს წაახალისებს გამოსავლის პოვნას, პარლამენტში მუშაობის დაწყებას
გამოსავალი შესაძლებელია იყოს ნაპოვნი, თუ ყველა პარტია პირველ ადგილზე დააყენებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განუცხადა.
„ჩვენ ველოდებით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას მთავრობასთან, სამოქალაქო სექტორთან და მედიასთან. იმედი გვაქვს, რომ საქართველო ამ გამოწვევებით აღსავსე წელს გაივლის. გუშინ გაჩნდა შესაძლებლობა, რომელიც პარტიებს მისცემს მეტ დროს, რათა გადაჭრან უთანხმოება. ჩემი აზრით, გამოსავალი შესაძლებელია იყოს ნაპოვნი, თუ ყველა პარტია პირველ ადგილზე დააყენებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
აშშ-ის ელჩის განცხადებით, ქართველმა ხალხმა რამდენიმე კვლევაში თქვა, რომ აწუხებს მაღალი ფასები, უმუშევრობა, სიღარიბე, ასევე, პარტიებმა ერთად იმუშაონ.
„ჩემი აზრით, თუ პარტიების ლიდერები პირველ ადგილზე დააყენებენ საქართველოს ინტერესებს და მოუსმენენ მათ ამომრჩეველს, რომელიც წუხს მაღალ ფასებზე, სიღარიბესა და „კოვიდ-19“-ის ეკონომიკურ შედეგებზე, ჩემი აზრით, ამ თემების მნიშვნელობა წაახალისებს მათ კომპრომისისკენ და გამოსავლის პოვნისკენ, პარლამენტში დაბრუნებისკენ და მუშაობის დაწყებისკენ. ყველაფერი დიდწილად დამოკიდებულია პარტიების ლიდერებზე. ჩვენ კი აქ ვართ ნეიტრალური ფორუმის შესათავაზებლად, სადაც ისინი შეკრებას შეძლებენ და განიხილავენ შესაძლებლობებს“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.
მისივე თქმით, დიპლომატები ყველას ესაუბრებიან, ვისთანაც საუბარი შესაძლებელია.
„ვესაუბრებით ყველას, ვისთანაც საუბარი შესაძლებელია. პარტიის ლიდერებს, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, ვისაც ამ სიტუაციის მოგვარება სურს, რაც შეიძლება მალე, რადგან არსებობს სერიოზული საკითხები, რომლებიც ყველა ჩვენს ქვეყანას უდგას წინ „კოვიდის“ გამო“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
აშშ-ის ელჩს ასევე კითხვა დაუსვეს დეპუტატ თეა წულუკიანის მიერ „მთავარი არხის“ დირექტორ ნიკა გვარამიას ტელეფონის გასაჯაროებაზე, რაზეც კელი დეგნანმა აღნიშნა: „ეს არ არის ჩემი როლი. იმედია, შესაბამისი უწყებები გასცემენ პასუხს ამ კითხვას“, – განაცხადა ამერიკის ელჩმა.