კელი დეგნანი - მოხარული ვარ, რომ საარჩევნო უბნებზე, სადაც ვიყავი, პროცესი იყო მშვიდი და კარგად ორგანიზებული
ეს არჩევნები არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ ინდივიდუალური მოქალაქეების ხმა ისმოდეს, რომ მათი ლიდერები იყვნენ ანგარიშვალდებულნი და იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათ პოლიტიკურ ლიდერებს ესმოდეთ, რა არის მათთვის მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, დამკვირვებლის სტატუსით რამდენიმე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა, მათ შორის გლდანშიც და პროცესი ყველგან იყო მშვიდი და კარგად ორგანიზებული.
„გლდანში ვიმყოფები, როგორც საარჩევო დამკვირვებელი. ეს არის ერთ-ერთი იმ საარჩევნო უბნებიდან, რომელთა მონახულება შევძელი დღის განმავლობაში. მოხარული ვარ, ვთქვა, რომ იქ, სადაც ვიყავი, პროცესი იყო მშვიდი და კარგად ორგანიზებული, ჩანდა, რომ ადამიანები მზად იყვნენ, კოვიდთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომების დასაცავად. ვფიქრობ, ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ ადამიანებს, რომლებიც მონაწილეობენ არჩევნების პროცესის ყველა დონეზე, განსაკუთრებით კი ადგილობრივ დონეზე, რათა უზრუნველყონ, რომ ადამიანებმა შეძლონ მოსვლა და არჩევანის გაკეთება მშვიდ გარემოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არჩევნები არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ ინდივიდუალური მოქალაქეების ხმა ისმოდეს, რომ მათი ლიდერები იყვნენ ანგარიშვალდებულნი და იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათ პოლიტიკურ ლიდერებს ესმოდეთ, რა არის მათთვის მნიშვნელოვანი, რა ადარდებთ მათ, იქნება ეს გზები, სამუშაო ადგილები, წყალი, სკოლები. სწორედ ეს არის არჩევნების მნიშვნელობა – გახადოთ თქვენი ლიდერები ანგარიშვალდებული და უზრუნველყოთ, რომ ისინი მუშაობდნენ თქვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ ეს ქვეყანა გახდეს უფრო ძლიერი და უკეთესი საცხოვრებელი ადგილი, რომ აკეთოთ საქმე და არჩინოთ თქვენი ოჯახები“, – განაცხადა ელჩმა.
მისივე თქმით, ეს არჩევნები ასევე არის შესაძლებლობა, რათა ვიხილოთ სრულდება თუ არა ბოლო დროს კანონმდებლების მიერ მიღებული საარჩევნო რეფორმები და უმჯობესდება თუ არა საარჩევნო პროცესი.
„რეფორმების მიზანი იყო, რომ ეს პროცესი გამხდარიყო უფრო გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული. ვფიქრობ, დღეს ბიულეტენების თვლისას ვიხილავთ კამერები და სხვა ტექნოლოგიური გაუმჯობესებები გამოიყენება თუ არა სწორად, ასრულებენ თუ არა ისინი სამუშაოს და აჩვენებენ თუ არა ხალხს, თუ რა არჩევანი გაკეთდა თითოეულ ბიულეტენზე და ზოგადად, გვქონდეს უფრო მშვიდი დათვლის პროცესი, ვიდრე ის, რომელიც ამომრჩევლებმა იხილეს გასულ ოქტომბერს.
ყოველი არჩევნები არის შესაძლებლობა, ისწავლო. სწორედ ეს არის იმის მიზანი, რასაც წარმოადგენს ანგარიშში სამოქალაქო საზოგადოება, როგორიცაა „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, ISFED, IFES, GYLA, რომლებიც წარმოადგენენ ინფორმაციას, რაც ეხმარება მომავალი არჩევნების გაუმჯობესებაში. ისინი მიუთითებენ, სად რამ არ იმუშავა ისე, როგორც უნდა ემუშავა. ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა საზოგადოებისთვის და ასევე კანონმდებლებისთვის, რომ მათ იცოდნენ, როგორ გაამჯობესონ თითოეული არჩევნები. ქართველმა ამომრჩევლებმა უნდა იხილონ გაუმჯობესება ყოველი არჩევნების დროს. წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენ ბევრი პრობლემა და დარღვევა ვიხილეთ. ჩვენ ვუყურებთ მთელ პერიოდს – წინასაარჩევნოს, ხმის მიცემის დღეს და არჩევნების შემდგომ პერიოდს. სწორედ ამაზე არიან ფოკუსირებული საარჩევნო დამკვირვებლები. ასე რომ, მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ დრომდე დღე იყო მშვიდი და როგორც ვიხილეთ, შედარებით ბევრი ადამიანი გამოვიდა, რათა არჩევანი დაეფიქსირებინა მშვიდად, უსაფრთხოდ, რათა მათი ხმა იქნას გაგონილი“, – განაცხადა დეგნანმა.