მნიშვნელოვანია ჭეშმარიტად დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და პარლამენტი, სადაც წარმოდგენილია ხმებისა და ინტერესების მრავალფეროვნება, ვფიქრობ, ბოლო თვეებში საქართველო ამ მიმართულებით დგამს ნაბიჯებს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ყოველწლიურ კონფერენციაზე „საქართველო და სამეზობლო“ განაცხადა.
ელჩმა კონფერენციაზე სიტყვით გამომსვლელების მოსაზრებებს გამოეხმაურა და საქართველოში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჯიმ ობრაიენმა ახსენა კანონის უზენაესობის ვალდებულების მნიშვნელობა, კანონის უზენაესობის აღსრულება. ასევე მნიშვნელოვანია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და იმ მიღწევების სათანადოდ დაფასება, რომელსაც საქართველომ უკვე მიაღწია, ასევე – უფრო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებისა და ცენზურისგან თავისუფალი მედიის უზრუნველყოფა, რომელიც დაეხმარება დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რათა ისინი უფრო მტკიცე და ძლიერი გახდნენ, როგორც ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიაა. ასევე მნიშვნელოვანია ჭეშმარიტად დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და პარლამენტი, სადაც წარმოდგენილია ხმებისა და ინტერესების მრავალფეროვნება და ვფიქრობ, ბოლო თვეებში საქართველო დგამს ამ მიმართულებით ნაბიჯებს.
ჩვენ ვნახავთ მიჰყვება თუ არა საქართველო დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისთვის პოლიტიკურ ნებას იმ რთული სამუშაოს შესასრულებლად და თუკი ეს ასეა, ის ნამდვილად იქნება ლიდერი რეგიონში და სამაგალითო წარმატების ისტორია რეგიონს მიღმაც“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
მისივე თქმით, როგორც კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტივენ ბიგუნმა თქვა, საქართველოში აქტიური დემოკრატია და დასავლეთთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციის ვალდებულება აშშ-საქართველოს ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი ელემენტებია.
„აშშ-სა და საქართველოს საერთო ხედვა აქვთ რეგიონთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს მის სტაბილურობას, კონფლიქტებისგან გათავისუფლებას, კეთილდღეობას, სადაც საქართველო განაგრძობს მის განვითარებას დემოკრატიული მმართველობისკენ. ამ ხედვას იზიარებს ევროკავშირიც“, – აღნიშნა ელჩმა.
საქართველოს ეკონომიკური ზრდისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საკითხზე საუბრისას კელი დეგნანმა დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისა და თანაბარი პირობების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი.
„ვეთანხმები ვიქტორ ყიფიანის თვალსაზრისს, რომ საქართველოს მდებარეობა არის ეკონომიკური ზრდისა და შესაძლებლობების, ასევე არასტაბილურობისა და საფრთხის წყარო. ვფიქრობ, ის კარგად ებმის ბატონი კარაპანოვის თვალსაზრისს, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო ეფექტური იქნება, თუკი ის უფრო გაფართოვდება და მოიცავს კულტურულ-ეკონომიკურ და ბიზნეს საკითხებს, რომელთა დასაწყებადაც ჩვენ აქ ასე ბევრს ვმუშაობთ.
ითქვა და სრულად ვეთანხმები, რომ ამ ეკონომიკური ზრდისთვის და მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციისთვის საქართველოს ნამდვილად სჭირდება დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, რომელიც იქნება გარანტი თანაბარი პირობებისთვის. რაც უფრო მეტი დრო გადის ჩემი აქ ყოფნიდან, უფრო მეტად ვაანალიზებ, რომ ეს არის ფუნდამენტური საქართველოსთვის, რათა გააანალიზოს მისი პოტენციალი, როგორც რეგიონალურმა ჰაბმა და რა თქმა უნდა, როგორც რეგიონალურმა სატრანზიტო ჰაბმა. ინვესტორები დარწმუნებული უნდა იყვნენ და უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს, რომ მათი კონტრაქტები აღსრულდება დროულად და სამართლიანად“, – განაცხადა დეგნანმა.
მისივე თქმით, იზიარებს მიქელაძის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩის, არჩილ გეგეშიძის მოსაზრებას, რომ მნიშვნელოვანია პროგრესის ხილვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისეთი ინიციატივების საშუალებით, რომლებიც აერთიანებს ხალხს.
„მე ასევე დავეთანხმები ელჩ გეგეშიძეს, რომ მნიშვნელოვანია პროგრესის ხილვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ინიციატივების საშუალებით, რომლებიც აერთიანებს ხალხს. შესაძლოა, არსებობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები და არსებობს პროცესი, რომელიც ამ დონეზე მიმდინარეობს, მაგრამ 100%-ით ვეთანხმები, რომ ამ შემთხვევაში დრო საქართველოს მხარეს არაა. არსებობს მთელი თაობის დაკარგვის საფრთხე, როგორც აფხაზეთსა და ცხინვალში, ასევე დანარჩენ საქართველოში. დიალოგისთვის სტატუსნეიტრალური პლატფორმის მოძიება, იქნება ეს „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ან რაიმე მისი მსგავსი, ეს არის ის ინიციატივები, რომელთა ძიებაც ვფიქრობ, საქართველომ უნდა დაიწყოს უფრო მეტი ყურადღებით. იქნებ, არსებობს ახალი შესაძლებლობები აფხაზეთში“, – განაცხადა ელჩმა.
მისივე თქმით, ფაქტი, რომ საქართველო განიხილება რეგიონში ლიდერად, იმის დამსახურება და ნიშანია, რაც ქვეყანამ ვალდებულების შესრულებით მიიღო.
„მხოლოდ 20 წელი გავიდა, თუმცა საქართველომ ბევრ რამეს მიაღწია და ფაქტი, რომ ის განიხილება რეგიონში ლიდერად, იმის დამსახურება და ნიშანია, რაც საქართველომ ვალდებულების შესრულებით მიიღო.
ახლა საქართველოს სჭირდება აღსრულების ვალდებულება, რათა გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები და გახადოს ის გამძლე. საქართველოს სჭირდება მისი პრობლემების მართვა. ახლა საქართველო იმ დონეზეა, სადაც მას სჭირდება დემოკრატიულ და ეკონომიკურ გზაზე მსვლელობის გაგრძელება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ამასთან, როგორც ელჩმა აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ აშშ და ევროკავშირის პარტნიორებიც ყველაფერს გააკეთებენ საქართველოს წარმატებისთვის.
„ბატონმა კარპანოვმა ისაუბრა არჩევნებზე აქაც და აშშ-შიც. როგორიც არ უნდა იყოს შედეგი ჩვენ ქვეყნებში, ეს არ შეცვლის აშშ-ს ვალდებულებას და ევროკავშირის ვალდებულებას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და მისი წარმატებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, რადგანაც ეს არის ის, რაც საქართველოს სურს და თუ ქართველებს სურთ ამის გაკეთება, დარწმუნებული ვარ, აშშ და ევროკავშირის პარტნიორებიც ყველაფერს გააკეთებენ საქართველოს წარმატებისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.