კელი დეგნანი - ლუგარის ცენტრზე კიბერშეტევის ფაქტი კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ მავნე აქტორები საზიანო მოქმედებებს აგრძელებენ
გამოძიებას დრო დასჭირდება, რომ დადგინდეს, ვინ იდგა ჯანდაცვის სამინისტროსა და ლუგარის ცენტრზე კიბერთავდასხმის უკან, თუმცა ეს ფაქტი არის კიდევ ერთი შეხსენება, რომ მავნე აქტორები საზიანო მოქმედებებს აგრძელებენ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთი და მისი მსგავსი აქტორები საზოგადოებაში დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებს განაგრძობენ.
„ამ საკითხთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს გამოძიებას. დარწმუნებული ვარ, შედეგებიც იქნება. ვიცით, რომ კიბერთავდასხმა განხორციელდა ჯანდაცვის სამინისტროსა და ასევე, ლუგარის ცენტრზე. რა თქმა უნდა, გამოძიებას დრო დასჭირდება, რომ დადგინდეს, ვინ იდგა ამ კიბერთავდასხმის უკან, თუმცა ეს ფაქტი არის კიდევ ერთი შეხსენება, რომ მავნე აქტორები აგრძელებენ თავიანთ საზიანო მოქმედებებს. ისეთი აქტორები, როგორიც არის რუსეთი, აგრძელებენ ისეთი შესაძლებლობების გამოყენებას, რომ საზოგადოებაში დესტაბილიზაცია და დაბნეულობა გამოიწვიონ. ამიტომ საქართველომ უნდა გააგრძელოს ის კარგი სამუშაო, რასაც იგი ასრულებს კიბერუსაფრთხოების და სტანდარტების გაზრდისკენ. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები ამ მიმართულებით საქართველოს დახმარებას გააგრძელებს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა კიბერშეტევა, რომლის მიზანს, შსს-ს ცნობით, წარმოადგენდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.