საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ელჩი შეხვდა ცენტრის გენერალურ დირექტორსა და თანამშრომლებს. ამირან გამყრელიძემ პრეზენტაციის სახით წარადგინა ცენტრისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის განვითარების შესახებ ინფორმაცია და აშშ-ის სამთავრობო პარტნიორული და დონორი ორგანიზაციების როლი აღნიშნულ პროცესში.
კელი დეგნანმა ხაზი გაუსვა საქართველოს წარმატებულ პასუხს „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან ბრძოლაში, მადლობა გადაუხადა ცენტრის თანამშრომლებს ამერიკულ ინსტიტუციებთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში, ულტერ რიდის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR) ორგანიზებით, გაიმართა სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამის ორი ქართველი სტუდენტის სტაჟირების დამამთავრებელი ცერემონია.
ქართველმა სტუდენტებმა პრეზენტაციების სახით წარადგინეს WRAIR-ის მეცნიერების მენტორობითა და ლუგარის ცენტრის ბაზაზე ჩატარებული ბიოსამედიცინო კვლევების წარმატებული შედეგები.
ღონისძიების შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს ლუგარის ცენტრის ლაბორატორიები და გაეცნენ ქართველი მეცნიერების საქმიანობას.