კელი დეგნანი - კომპრომისულ შეთანხმებაში მოთხოვნების 100 პროცენტს ვერავინ მიიღებს, ყველა მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე
კომპრომისულ შეთანხმებაში თავისი მოთხოვნების 100 პროცენტს ვერავინ მიიღებს, ეს ბუნებრივია, ყველა მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ განაცხადა.
როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, პოლიტიკურ მხარეებთან უკვე ხუთი თვეა, მიმდინარეობს მუშაობა.
„ვცდილობთ, მათ მოახერხონ განსხვავებული პოზიციების დაახლოება. მათ აქვთ კონსტრუქციული დამოკიდებულება. ჩემზე დადებით შთაბეჭდილებას ახდენს ის, რომ მხარეებს აქვთ ერთმანეთის მოსმენის სურვილი, მსჯელობენ პრობლემატურ საკითხებსა და პრიორიტეტებზე, განიხილავენ შესაძლო კომპრომისების გზებს. არც შეთავაზებების ნაკლებობა შეინიშნება, როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიების მხრიდან. არ არის სურვილის ნაკლებობა, რომ ერთად ისხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და ისაუბრონ ამ განსხვავებულ პოზიციებზე. ის, რისი ნაკლებობაც არის, ესაა პოლიტიკური გამბედაობა, რომ საბოლოო ნაბიჯი გადადგან წინ და წავიდნენ კომპრომისებზე. კომპრომისულ შეთანხმებაში თავისი მოთხოვნების 100 პროცენტს ვერავინ მიიღებს, ეს ბუნებრივია. ყველა მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე. გასულ კვირაში, როდესაც ვიხილეთ ელჩი დანიელსონის ძალიან კარგი ჩართულობა, გამოჩნდა, რომ ზოგიერთი პარტია არ იყო მზად, მიეღო საბოლოო გადაწყვეტილება. როგორ დასრულდება ეს პროცესი, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა რისი იმედიც გვაქვს, არის ის, რომ აქ მიღწეული შედეგი დააბრუნებს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების სწორ გზაზე. როგორც ვთქვი, ნატო-ს, ევროკავშირის წევრობა მოითხოვს კომპრომისს, ეს არის ერთადერთი გზა, როგორც მოქმედებენ კონსენსუსზე დაფუძნებული ორგანიზაციები“, – განაცხადა ელჩმა.
კელი დეგნანის თქმით, მოლაპარაკებების შედეგიც უნდა იყოს გადაწყვეტილება,რომელიც მიღებულია ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლების მიერ.
„მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობენ ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლები, ბატონი ივანიშვილი და ბატონი სააკაშვილი არ არიან არჩეული წარმომადგენლები და არ მონაწილეობენ ამ დიალოგში. ამ მოლაპარაკებების შედეგიც უნდა იყოს გადაწყვეტილება,რომელიც მიღებულია ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლების მიერ. იმედია, რომ ამ გადაწყვეტილებაში იქნება წარმოდგენილი საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესი“, – განაცხადა დეგნანმა.
ამასთან, შეკითხვაზე, რა განსხვავებაა კაპიტოლიუმში განვითარებულ ცნობილ მოვლენებსა და ნიკა მელიას საქმეს შორის, კელი დეგნანმა აღნიშნა: „ყველაზე დიდი განსხვავება რასაც მე ვხედავ, ეს არის ამერიკის ინსტიტუტების სიძლიერე, რომლებმაც აღადგინა ჩვენი ნდობა საარჩევნო და სამართლებრივი პროცესების მიმართ, რის შედეგადაც კონგრესმა სწრაფადვე გააგრძელა მუშაობა და დაასრულა პრეზიდენტ ბაიდენის ამერიკის პრეზიდენტად დამტკიცების პროცესი. ეს არის ის გზავნილი, რაც განუწყვეტლად მოდის როგორც აქ საელჩოდან, ასევე ვაშინგტონიდან. ის, რომ ძლიერი ინსტიტუტები უმნიშვნელოვანესია დემოკრატიისთვის. დემოკრატია უნდა იყოს მდგრადი და შეეძლოს რეაგირება საზოგადოებაში არსებულ ცვლილებებზე, როდესაც გაქვს ძლიერი და დამოუკიდებელი ინსტიტუტები, დემოკრატია გაუძლებს ნებისმიერ რამეს. ეს არის პროცესი, რომელიც მოითხოვს მუდმივ სიფრთხილეს, ერთგულებას და მედეგობას, რათა დემოკრატია არ შესუსტდეს. მისი შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია ხალხის მხარდაჭერა, მათი მუდმივი ძალისხმევა დამოუკიდებელი ინსტიტუტების უზრუნველყოფისთვის. ეს ძალისხმევა, ეს ბრძოლა უნდა განხორციელდეს პარლამენტში, ეს არის სათანადო ადგილი“, – განაცხადა დეგნანმა.