კელი დეგნანი - იმედისმომცემი და მისასალმებელია, რომ ბევრმა პარტიამ მოაწერა ხელი პოლიტიკური ქცევის წესებს
ვიმედოვნებ, 2020 არჩევნები იქნება სამართლიანი, თავისუფალი და დარღვევების გარეშე ჩაივლის, ეს იქნებოდა შთამბეჭდავი საქართველოსთვის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა „საარჩევნო კომპასი საქართველოსა“ და Partiebi.Ge-ს პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ახალი პორტალი ამომრჩევლებს პარტიების ხედვების გაცნობაში დაეხმარება.
„მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები საარჩევნო პორტალის პრეზენტაციაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც დაეხმარება ამომრჩევლებს, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის პლატფორმის გაგებაში. 17 პარტია მონაწილეობს ამ პროექტში. მათი ხედვა იმ საკითხებზე, რომლებიც პრიორიტეტია მათი ამომრჩევლისთვის, უკვე არის აპლიკაციაში. ამომრჩევლებს შეუძლიათ აპლიკაციის გახსნა, ამ საკითხების გაცნობა და იმის გაგება, ემთხვევა თუ არა ამ პარტიის მოსაზრება მათ მოსაზრებებს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ელჩის თქმით, მოსასალმებელია, რომ პოლიტიკური ქცევის წესებს ბევრმა პარტიამ მოაწერა ხელი.
„ნორმალურია, რომ სიტუაცია უფრო იძაბება, რაც უფრო ახლოვდება ხმის მიცემის დღე. იმედისმომცემი და მისასალმებელია, რომ ბევრმა პარტიამ მოაწერა ხელი პოლიტიკური ქცევის წესებს. მეტიც, არა მხოლოდ ხელი მოაწერეს, არამედ ერთად შეიმუშავეს. ეს ძალიან კარგი და გაბედული ნაბიჯია მათი მხრიდან. საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ერთად მუშაობენ, რათა შეიმუშაონ ეთიკური გზამკვლევი და სტრუქტურა, რომელსაც პარტიები უნდა მიჰყვნენ. სამწუხარო იქნება, თუ შევიტყობთ ზეწოლის შემთხვევების, ადმინისტრაციული რესურსების ბიროტად გამოყენების ან ამომრჩევლების მოსყიდვის შესახებ. არასამთავრობო ორგანიზაციებს უკვე ჰქონდათ მსგავსი ფაქტების შემცველი ანგარიშები და ვიმედოვნებ, რომ 2020 არჩევნები იქნება სამართლიანი, თავისუფალი და დარღვევების გარეშე ჩაივლის. ეს იქნებოდა შთამბეჭდავი საქართველოსთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.