კელი დეგნანი - „ღირსეული პარტნიორის“ წარმატებული დასრულება არის გზავნილი მეგობრებისა და მოწინააღმდეგეებისთვის, რომ ერთად უფრო ძლიერები ვართ
„ღირსეული პარტნიორის“ წარმატებული დასრულება არის გზავნილი მეგობრებისა და მოწინააღმდეგეებისთვის, რომ ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ვაზიანში, მე-11 პოლიგონზე მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის დახურვის ცერემონიაზე განაცხადა.
ელჩმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას სწავლებაში მონაწილე ჯარისკაცებს მიმართა.
„ჩემთვის პატივია, ვესწრებოდე „ღირსეული პარტნიორი“ წვრთნების მეხუთე დახურვით ცერემონიას. დიდი ძალისხმევა ჩავდეთ ამ წვრთნის განხორციელებაში. ნამდვილად სასიამოვნოა, რომ აქ ვხედავთ ჯარისკაცებს საქართველოდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან, რომლებიც ერთად დგანან ორკვირიანი ინტენსიური წვრთნის წარმატებულ დასასრულს. მადლობა თქვენი ხელმძღვანელობისა და სიმამაცისთვის და იმისთვის, რომ ეს წვრთნა რეალობად აქციეთ. სწორეთ ასეთი გამოწვევების დროს ვეყრდნობით ჩვენ ნამდვილ მეგობრებს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
მისი თქმით, ეჭვგარეშეა, რომ საქართველო აშშ-სა და ნატო-ს ძალების ერთგული და სტრატეგიული პარტნიორია.
„მადლობას ვუხდი წვრთნების ორგანიზებისთვის თავდაცვის სამინისტროს ძალებს, ევროპაში აშშ-ს ძალებს, ყველა მონაწილე ერთეულის წარმომადგენლებს, თქვენი შრომისთვის, მონდომებისთვის, მოქნილობისთვის, პროფესიონალიზმისათვის, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში საქართველოში პირველი მრავალეროვანი წვრთნების წარმატებით დასრულება.
თქვენ შეძელით ჩვენი მასპინძელი ერის და მონაწილე ჯარისკაცების ჯანმრთელობის დაცვა. ამისთვის, ასევე თქვენი მოქნილობისა და რთული გარემოებების მიუხედავად წვრთნების ჩატარებისთვის ჩვენ – აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, პოლონეთი და ინგლისი მადლობას გიხდით.
ჯარისკაცებო, თქვენი აქ ყოფნა უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ წვრთნებში ერთად მონაწილეობის შესაძლებლობა, თქვენ ჩვენს ერებს შორის არსებული ძლიერი და მუდმივი კავშირის სიმბოლო ხართ.
თქვენი ერთმანეთისადმი ერთგულება არის ჩვენი აგრესიის შეჩერების შესაძლებლობის საფუძველი.
იმედი მაქვს, წვრთნების დროს თქვენ გაიცანით ერთმანეთი, პიროვნული, პროფესიული, ტექნიკური და ტაქტიკური კუთხით.
ეს ახლო კავშირები კრიზისის დროს უფრო ძლიერ და უნარიან სამხედრო ძალებს ქმნის.
თქვენი წარმატება ნათელია, ჩვენ ეს დავინახეთ. ნათელია, რომ შეძელით კულტურული და ენობრივი ბარიერების გადალახვა და ერთ გუნდად მუშაობა. ეს ნათელი იყო დღევანდელი ერთობლივი სახანძრო წვრთნისას, რომლის დროსაც თქვენ მოქმედებდით და იბრძოდით როგორც ერთი გუნდი.
შემიძლია, მხოლოდ გითხრათ, რომ ეს არაჩვეულებრივი თანამშრომლობა იყო“, – განაცხადა ელჩმა.
მისი თქმით, ერთობლივმა წვრთნამ სრულად გამოიყენა საქართველოში არსებული შესანიშნავი საწვრთნელი დაწესებულებები და აჩვენა საქართველოს თავდაცვის ძალების შთამბეჭდავი პროგრესი.
„ღირსეული პარტნიორი“ არის წარმოუდგენლად ეფექტური ინსტრუმენტი ჩვენი ურთიერთობის თავსებადობის გასაძლიერებლად, პოტენციური აგრესორების შესაკავებლად და იმ აუცილებელი უნარების გამოსამუშავებლად, რომლებიც კოალიციაში ერთად მსახურებისთვის გვჭირდება.
წვრთნამ სრულად გამოიყენა საქართველოში არსებული შესანიშნავი საწვრთნელი დაწესებულებები და აჩვენა საქართველოს თავდაცვის ძალების შთამბეჭდავი პროგრესი, რომელსაც მან მიაღწია წვრთნების პროცესში თანასწორ პარტნიორად ჩამოყალიბებაში. „ღირსეული პარტნიორის“ წარმატებული დასრულება არის გზავნილი მეგობრებისა და მოწინააღმდეგეებისთვის, რომ ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ.
ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი კავშირების გაღმავებას და მშვიდობისა და სტაბილურობისკენ მიმართულ ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას”, – განაცხადა კელი დეგნანმა.