კელი დეგნანი - გამოვთქვამთ იმედს, რომ სერიოზულად იქნება განხილული ზაზა გახელაძის მაქსიმალურად დროულად გათავისუფლების საკითხი
აშშ-ი გამოთქვამს ძლიერ შეშფოთებას და გმობს უკანონოდ დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ გუშინ მიღებულ ზომას, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კელი დეგნანმა ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
დიპლომატის შეფასებით, საქართველოს მთავრობის მეთაურთან შედგა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა უაღრესად სერიოზულ სიტუაციასთან დაკავშირებით.
„აშშ გამოთქვამს ძლიერ შეშფოთებას და გმობს უკანონოდ დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ გუშინ მიღებულ ზომას. იგი გასული წლის ივლისიდან მოყოლებული იმყოფება პატიმრობაში და მას წაყენებული აქვს სრულიად უსაფუძვლო, შეთითხნილი ბრალდებები, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი. გამოვთქვამთ იმედს, რომ სერიოზულად იქნება განხილული ამ სიტუაციის დაუყოვნებლივ გადაჭრის და საქართველოს მოქალაქის მაქსიმალურად დროულად გათავისუფლების საკითხი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებთან, კელი დეგნანთან და კარლ ჰარცელთან მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გამართა. მთავრობის მეთაურმა დიპლომატებს უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის და საქართველოს სხვა მოქალაქეების გათავისუფლებისა და სახლში უვნებლად დაბრუნების მიზნით მაქსიმალური მხარდაჭერა სთხოვა.