კელი დეგნანი - გამოვხატავთ მზადყოფნას, გავაგრძელოთ ურთიერთობა ბევრ ქართველთან, რომელთა სურვილია, ქვეყანა იყოს წარმატებული და განვითარებული
კელი დეგნანი - გამოვხატავთ მზადყოფნას, გავაგრძელოთ ურთიერთობა ბევრ ქართველთან, რომელთა სურვილია, ქვეყანა იყოს წარმატებული და განვითარებული

კვლავ გამოვხატავთ მზადყოფნას, გავაგრძელოთ ურთიერთობა ბევრ ქართველთან, რომელთა სურვილია, ქვეყანა იყოს წარმატებული და განვითარებული, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია, რომ „შემაშფოთებელია, როდესაც ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია“.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა თავად უნდა განმარტონ მათივე კომენტარები.

როგორც დეგნანმა აღნიშნა, 19 აპრილის შეთანხმება მკაფიოდ და ნათლად აჩვენებდა, რომ მოსამართლეთა არჩევა უნდა გადადებულიყო იქამდე, ვიდრე არ იქნებოდა ფართო და ყოვლისმომცველი, მრავალპარტიული, ინკლუზიური მსჯელობა რეფორმაზე.

„მოდით, კიდევ ერთხელ ნათლად ვისაუბროთ ფაქტებზე: 19 აპრილის შეთანხმება მკაფიოდ და ნათლად აჩვენებდა, რომ მოსამართლეთა არჩევა უნდა გადადებულიყო იქამდე, ვიდრე არ იქნებოდა ფართო და ყოვლისმომცველი, მრავალპარტიული, ინკლუზიური მსჯელობა რეფორმაზე. მხოლოდ ამის მერე უნდა გაგრძელებულიყო მოსამართლეთა არჩევა. ეს შეთანხმება არის მკაფიო და ნათელი, ყოველგვარი გვერდითი ან ზეპირი შეთანხმებების გარეშე, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ და სხვა პარტიებმა ხელი მოაწერეს“, – განაცხადა დეგნანმა.

​მისი თქმით, აშშ-ს ჰყოლია და ჰყავს ათასობით ძალიან კარგი ქართველი პარტნიორი, რომლებიც მზად არიან, დაეხმარონ და მხარი დაუჭირონ საქართველოს, გახდეს ეს ქვეყანა მეტად დემოკრატიული.

„ნებისმიერმა კარგმა იურისტმა იცის, რომ როდესაც შენ აწერ ხელს, ეთანხმები იქ მოცემულ პირობებს. ვიტყვი იმასაც, რომ აშშ 30 წლის განმავლობაში მხარს უჭერს საქართველოს, და აშშ-ს ჰყოლია, ჰყავს ათასობით ძალიან კარგი ქართველი პარტნიორი, რომლებიც მზად არიან, დაეხმარონ და მხარი დაუჭირონ საქართველოს, გახდეს ეს ქვეყანა მეტად დემოკრატიული. თავის მხრივ, აშშ ეხმარება საქართველოს, განვითარდეს მთელი რიგი მიმართულებებით, როგორიცაა თავდაცვა, განათლება, ჯანდაცვა, ეკონომიკა და ა.შ. ჩვენ კვლავ გამოვხატავთ მზადყოფნას, გავაგრძელოთ ურთიერთობა ბევრ ქართველთან, რომელთა სურვილია, იყოს ქვეყანა წარმატებული და განვითარებული“, – განაცხადა კელი დეგნანმა.