კელი დეგნანი - ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური არის ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც უკავშირებს საქართველოს ევროპასთან, ეს არის სიმბოლო ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის
საზღვაო პორტი ინფრასტრუქტურაზე მეტია, ეს ტერმინალი არის უფრო დიდი ამბიციის ნაწილი და საქართველო, როგორც ტრანზიტული ქვეყანა, დააკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს და ხელს შეუწყობს ვაჭრობას, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატები ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კელი დეგნანმა ხაზი გაუსვა, რომ „ეს პორტი არის ფიზიკური ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც უკავშირებს საქართველოს ევროპასთან“.
„ძალიან დიდი პატივი მაქვს, ვიმყოფებოდე ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. აქ 2020 წელს ვიყავი, როდესაც მშენებლობა მიმდინარეობდა და ძალიან მახარებს, რომ დღეს საბოლოო შედეგს ვხედავ. ნამდვილად შესანიშნავი დღეა და ეს ეტაპობრივი მოვლენაა, არა მარტო „პეის გრუპისთვის“, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ძალიან მიხარია, რომ შეერთებული შტატები საერთაშორისო განვითარების ფინანსურ კორპორაციასთან ერთად მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ამ პროექტის მშენებლობასა და განვითარებაში. ჩვენ ვისურვებდით, რომ ამ კომპანიის წარმომადგენლები აქ ყოფილიყვნენ, მაგრამ ვირტუალურად გვერთვებიან.
ეს 50 მილიონიანი ინვესტიცია განვითარების დაფინანსების კორპორაციიდან არის უმსხვილესი პროექტი, ერთი პროექტის დაფინანსების სახით. ეს ცხადყოფს, რამდენად დიდია ვალდებულება, რომელიც აშშ-მ იკისრა საქართველოს კეთილდღეობისა და ქართველი ხალხის წინაშე. ინფრასტრუქტურული პროექტები, მსგავსი პროექტები განაპირობებენ დიდ ეკონომიკურ განვითარებას და ზრდას საქართველოში. ეს პორტი ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და პორტი საოპერაციო, ასევე მართვის მიმართულებით, როგორც ბატონმა პრემიერმა ბრძანა, ქმნის ახალ შესაძლებლობებს. ეს არის ახალი უნარების შემქმნელი ინფრასტრუქტურა, რომელიც სარგებელს მოუტანს მთელ რეგიონს. საბოლოო ჯამში, ეს პროექტი ასევე შეუწყობს ხელს სხვა სამუშაო ადგილების შექმნას, დამხმარე მიმართულებებით, ფოთის ტერიტორიაზე.
საზღვაო პორტი, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურაზე მეტია. ეს ტერმინალი არის უფრო დიდი ამბიციის ნაწილი და საქართველო, როგორც ტრანზიტული ქვეყანა, დააკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს და ხელს შეუწყობს ვაჭრობას. გლობალური მიწოდების ჯაჭვის ფარგლებში და განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, ჩვენ ყველა კარგად ვაანალიზებთ, საიდან მოვდივართ და როგორ ვუკავშირდებით გარესამყაროს. ეს განვითარების პროექტი შესაძლებლობას მისცემს საქართველოს, ძალიან სწრაფად მიაწოდოს ტვირთები და დააკავშიროს სხვადასხვა მხარე. საქართველოში ამ ინვესტიციით ჩვენ ვხვდებით ახალ სანდო პარტნიორს ამ პორტის სახით და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს პოტენციალის განვითარებისთვის, რეგიონული დაკავშირებადობის კუთხით, როდესაც მსოფლიო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი ალტერნატიულ გზებს ეძებს მიწოდების ჯაჭვში. ამას გარდა, ზღვის პორტი არის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების ელემენტი. ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, დავეხმაროთ პორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს და პატივს ვცემთ თავისუფლებას, ნავიგაციას, წვდომას საზღვაო გზებზე და ეროვნულ უსაფრთხოებას. ეს პორტი არის ფიზიკური ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც უკავშირებს საქართველოს ევროპასთან. ეს არის სიმბოლო ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის.ველოდები, რომ გაიზრდება ვაჭრობა, ტვირთბრუნვა და ეს ტერმინალი ძალიან დიდი სარგებელს მოუტანს საქართველოს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.