კელი დეგნანი - ექსტრადიციის შესახებ ხელშეკრულება გააღრმავებს მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავ სფეროებში თანამშრომლობას
კელი დეგნანი - ექსტრადიციის შესახებ ხელშეკრულება გააღრმავებს მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავ სფეროებში თანამშრომლობას

საქართველოსა და ამერიკას შორის ექსტრადიციის ხელშეკრულების გაფორმებაზე დღევანდელი მოლაპარაკება არის თანამშრომლობის წინგადადგმული ნაბიჯი, რადგან ეს უფრო გააიოლებს და გააღრმავებს თანამშრომლობას იმ მიმართულებით, რომ დამნაშავეები საქართველოშიც და ამერიკაშიც იყვნენ გასამართლებულნი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩმა ექსტრადიციის შესახებ ორმხრივ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის შორის სამართალდამცავ და მართლმსაჯულების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას ითვალისწინებს.

„მოხარული ვარ, რომ დღეს, ჩემს კოლეგებთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტიდან და სახელმწიფო დეპარტამენტიდან, აქ ვართ, რაღა დავიწყოთ საქართველოს და ამერიკის სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის შემდგომი ეტაპი. ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავ სფეროში, რათა ვებრძოლოთ ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულს, მრავალ ათწლეულს ითვლის. დღევანდელი მოლაპარაკება საქართველოს და ამერიკას შორის ექსტრადიციის ხელშეკრულების გაფორმებაზე არის თანამშრომლობის წინგადადგმული ნაბიჯი, რადგან ეს უფრო გააიოლებს და გააღრმავებს თანამშრომლობას იმ მიმართულებით, რომ დამნაშავეები საქართველოშიც და ამერიკაშიც იყვნენ გასამართლებულნი. მას შემდეგ, რაც ჩვენი ქვეყნების ხელისუფლებები მოახდენენ ამ ხელშეკრულების რატიფიცირებას და მიღებას, ის არა მარტო გააღრმავებს ჩვენს თანამშრომლობას, არამედ გააუმჯობესებს ქართველი და ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებას, რადგან უზრუნველყოფს იმ დამნაშავეების სათანადოდ წარდგენას მართლმსაჯულების წინაშე​, რომლებმაც ჩაიდინეს ორგანიზებული დანაშაული, ფულის გათეთრება, ტრეფიკინგი სხვა ტრანსნაციონალური დანაშაულები. მიმაჩნია, რომ ეს არის თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო და მიხარია, რომ ჩვენი თანამშრომლობა მართლმსაჯულების და სამართალდამცავ სფეროში კიდევ უფრო გაძლიერდება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 2023 წლის 31 იანვრიდან 2 თებერვლამდე საქართველოში, თბილისში გაიმართა მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. ამერიკის შეერთებულ შტატებს წარმოადგენდნენ სახელმწიფო დეპარტამენტი და იუსტიციის დეპარტამენტი, ხოლო საქართველოს – იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს პროკურატურა. საგამოძიებო უწყებაში აღნიშნავენ, რომ ორმხრივ ხელშეკრულებაზე მუშაობის დასრულებისა და რატიფიკაციის შემდეგ აღნიშნული ხელშეკრულება სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას, რაც ხელს შეუწყობს დამნაშავე პირთა მართლმსაჯულების წინაშე ეფექტურად წარდგენას.