კელი დეგნანი - ძალიან მნიშვნელოვანია მონიტორინგი, რა ხდება საქართველოს საზღვრებს მიღმა, ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასთან ამ კრიტიკულ დროს
კელი დეგნანი - ძალიან მნიშვნელოვანია მონიტორინგი, რა ხდება საქართველოს საზღვრებს მიღმა, ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასთან ამ კრიტიკულ დროს

ფინანსთა მინისტრის სანქციების კოორდინატორთან შეხვედრას რაც შეეხება, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს ხელისუფლებასთან, განსაკუთრებით, ომის დაწყების შემდეგ ინფორმაციის გაცვლისთვის საქართველოზე გამავალი სავაჭრო ნაკადების საკითხზე, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

დეგნანის განცხადებით, აშშ-ს ძალიან კარგი თანამშრომლობა ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებასთან, საბაჟო და შემოსავლების სამსახურებთან, სასაზღვრო პოლიციასთან და ყველასთან, ვინც წლების განმავლობაში ახლო პარტნიორები არიან.

„გვქონდა ტრენინგები, უზრუნველვყოფდით აღჭურვილობას და ყველაფერი ეს დადასტურდა, რომ განსაკუთრებით ღირებულია სწორედ ახლა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია იმის მონიტორინგი, რა ხდება საქართველოს საზღვრებს მიღმა. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასთან ამ კრიტიკულ დროს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის სანქციების კოორდინატორთან შეხვედრა ფოკუსირებული იყო სწორედ ამაზე, რადგან როდესაც მიმდინარეობს რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენ სულ უფრო მეტს ვსწავლობთ, როგორ ცდილობს რუსეთი სანქციების და ექსპორტის კონტროლის რეგულაციებისთვის თავის არიდებას, რომელიც არის დაწესებული არამხოლოდ აშშ-ის, არამედ ევროკავშირის, იაპონიის და ბრიტანეთის მიერ. ასე რომ, ეს არის ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ გაგრძელდეს ინფორმაციის გაზიარება და გაძლიერდეს კონტროლი, რათა შეწყდეს იმ საქონლის გადაადგილება, რომელიც გამოყენებულია რუსეთის საომარი მანქანის მიერ უკრაინის წინააღმდეგ“, – განაცხადა დეგნანმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელს, ელჩ ჯიმ ო’ბრაიენს შეხვდა.