კელი დეგნანი - დღეს საუკეთესო დღეა, დავაფასოთ მასწავლებლები, რომლებიც ახალგაზრდა თაობას აძლევენ შთაგონებას, საჭირო უნარებს, ჩამოყალიბდნენ მეცნიერებად, ნოვატორებად, რომლებიც წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარებაში
დღეს საუკეთესო დღეა, დავაფასოთ მასწავლებლები, რომლებიც ახალგაზრდა თაობას აძლევენ შთაგონებას, საჭირო უნარებს, რათა მომავალში ჩამოყალიბდნენ საუკეთესო მეცნიერებად, ნოვატორებად, ხელოვანებად, მეწარმეებად, რომლებიც წვლილს შეიტანენ საქართველოს განვითარებაში, – საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა.
„გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს. ალბათ დღეს ყველაზე საუკეთესო დღეა, დავაფასოთ მასწავლებლები, რომლებიც ახალგაზრდა თაობას აძლევენ შთაგონებას, საჭირო უნარებს, რათა ისინი მომავალში ჩამოყალიბდნენ საუკეთესო მეცნიერებად, ნოვატორებად, ხელოვანებად, მეწარმეებად, რომლებიც წინ წაიყვანენ ქვეყანას და წვლილს შეიტანენ საქართველოს განვითარებაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაფასებთ თითოეულ მასწავლებელს და დღეს ამ საღამოს, განსაკუთრებით გამოვყოფთ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტებს, რომლებიც კიდევ უფრო მაღალ სტანდარტებს ამკვიდრებენ განათლების სისტემაში. ჯილდო გახლავთ ძალიან პრესტიჟული და სწორედ დღევანდელი დღის აღნიშვნა არის მათი კიდევ უფრო დამატებითი ძალისხმევის აღნიშვნა და ზეიმი.
ყველას კარგად გვახსოვს ჩვენი მასწავლებლები, რომლებმაც განსაკუთრებული როლი ითამაშეს ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს პიროვნებად ჩამოყალიბებაში. მათგან ალბათ ერთი-ორი კიდევ უფრო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომლებმაც წვლილი შეიტანეს იმაში, თუ რანი ვართ დღეს და რა პროფესია ავირჩიეთ. მასწავლებლის პროფესია ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან წვლილი შეაქვთ მომავალი თაობის აღზრდაში, უზრუნველყოფენ მოსწავლეებისთვის მოტივაციას და უნარებს, რაც ასე მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. სწორედ ამიტომ, ვთვლით, რომ ინვესტიცია განათლებაში ძალზე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, აშშ-ის მთავრობა მოხარულია და ამაყობს, რომ 30 წლის მანძილზე ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს განათლების სისტემასთან და შეიტანა წვლილი მის განვითარებაში.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ მინისტრს, მინისტრის მოადგილეს, ყველას, კოლეგებს განათლების სამინისტროში, ვინც მხარს უჭერენ ამ თანამშრომლობას, ამ ინიციატივებს, რომელიც ჩვენ წლების განმავლობაში გვაქვს. მე დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გვექნება და გაგრძელდება.
როდესაც რეგიონებს ვსტუმრობ ხოლმე, ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა იმ ადამიანებთან შეხვედრა, რომელთაც გარკვეული კავშირი აქვთ საგანმანათლებლო ინიციატივებთან და მათი ინიციატივები წლების განმავლობაში განხორციელებულა ჩვენი მხარდაჭერით, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. ეს ინიციატივები შეეხებოდა სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის როგორიც არის პროფესიული ზრდა, მეთოდოლოგიის განვითარება, ინგლისური ენის სწავლება. ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნოა ასეთი ტიპის შეხვედრები და საუბარი ამ ადამიანებთან.
მინდა, მადლობა გადავუხადო ამ ღონისძიების ორგანიზატორებს, ორგანიზაცია „განათლება ყველასთვის“. თქვენი ორგანიზაცია ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციაში და იმაში, რომ საზოგადოებამ კიდევ უფრო მეტად დააფასოს მასწავლებლები, დააფასოს პროფესია, რომელიც საკმაოდ რთულია, მომთხოვნი და საპასუხისმგებლოა. ამასთან, მსურს, მადლობა გადავუხადო ღონისძიების სპონსორებს ამ ინიციატივის მხარდაჭერისთვის და რა თქმა უნდა, მინდა აღვნიშნო ჟიურის წევრების შრომა, რომლებმაც დიდი ძალისხმევა გასწიეს. ყოველთვის არ არის ადვილი, აღმოაჩინო საუკეთესოთა შორის საუკეთესო. ბოლოს, მადლობა მინდა გადავუხადო აქ მყოფ მასწავლებლებს მათი ძალისხმევისთვის, ერთგულებისთვის, იმისთვის, რასაც ისინი აკეთებენ, რომ ჩვენ უკეთესნი გავხდეთ. თქვენ დაფასებული ბრძანდებით მასწავლებლების მსოფლიო დღეს, დღევანდელ ღონისძიებაზე, რადგან თქვენ უბრალოდ არ ასწავლით, თქვენ შთააგონებთ. ვულოცავ გამარჯვებულებს, მადლობას ვუხდი მასწავლებლებს და მადლობა, რომ მომიწვიეთ ამ ღონისძიებაზე“, – განაცხადა კელი დეგნანმა.