კელი დეგნანი - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ შექმნა თავდაცვის ძალების მიმართ საერთო პასუხისმგებლობას აჩვენებს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ არსებობა კარგი მაგალითია იმისა, რომ ჯარისკაცები გვახსოვს, ეს წამოწყება ქართველი ხალხისა და ქართული თავდაცვის ძალების მიმართ საერთო პასუხისმგებლობას აჩვენებს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განცხადა, რომელიც „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშის წარდგენას დაესწრო.
მისივე თქმით, მკურნალობის პროცესი არის ერთ-ერთი პირველი იმ ნაბიჯებიდან, რომლებიც დაჭრილ ჯარისკაცებს საზოგადოების სრულფასოვან წევრობაში დაეხმარება.
„ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა. მადლობა თქვენი ძალისხმევისთვის და ამ მნიშვნელოვან პროექტში თანამშრომლობისთვის. ამასთან, მსურს, მადლიერება გამოვხატო იმ ასობით ან ათასობით ადამიანის მიმართ, რომლებიც კულვარებში წლების განმავლობაში ავითარებდა ამ პროექტს. ამ ფონდის არსებობა კარგი მაგალითია იმისა, რომ ჯარისკაცები გვახსოვს. ეს წამოწყება ქართველი ხალხისა და ქართული თავდაცვის ძალების მიმართ საერთო პასუხისმგებლობას აჩვენებს.
ჯარისკაცების მკურნალობის პროცესი არის ერთ-ერთი პირველი იმ ბევრი ნაბიჯიდან, რომელიც ჯარისკაცებს საზოგადოების სრულფასოვან წევრობაში დაეხმარება. სხვებთან ერთად, შემდგომი არის მათი ოჯახის წევრებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა. ეს არის ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც აუცილებელია, რათა ადამიანები ბრძოლის ველიდან სრულფასოვნად დაუბრუნდნენ ცხოვრებას.
„არასდროს ყოფილა ასე ბევრი ვალში ასე ცოტას მიმართ“, – ეს ჩერჩილის ცნობილი სიტყვებია, რომელიც გვახსენებს ჩვენს ვალდებულებას იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ამდენი რამე გასწირეს ჩვენი უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის სახლში, თუ საზღვარგარეთ. ჩვენ ამაყად ვდგავართ ჩვენს ქართველ პარტნიორებთან დაჭრილი ჯარისკაცების ზრუნვაში. ბევრი მათგანი ამერიკელ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ერაყსა და ავღანეთში მსახურობდა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.