კელი დეგნანი - ჩვენი თხოვნა იქნება, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებულად არ განიხილოს
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას შეხვდა. როგორც დეგნანმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, შემაშფოთებელია გავრცელებული ინფორმაცია ახალ კანონპროექტზე, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შეეხება.
ელჩი მიმართავს პარლამენტს, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა არ დაჩქარდეს.
„ეს შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი შესაძლებლობა სახელმწიფო ინსპექტორთან და მის გუნდთან სასაუბროდ. საქართველოში მოქალაქეთა უფლებების დასაცავად სახელმწიფო ინსპექტორის როლი არის მნიშვნელოვანი. მისი საქმიანობა უკავშირდება საჯარო მოხელეების მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების გამოძიებას და მათ შეკავებას, უზრუნველყოფს საჯარო მოხელეთა ანგარიშვალდებულებას მოქალაქეების მიმართ. ეს არის რთული, მაგრამ უკიდურესად მნიშვნელოვანი საქმიანობა. ზოგჯერ, ადამიანები არ არიან ბედნიერები ამ გამოძიებების გამო. ახალი კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ორ ნაწილად ყოფს, ასევე მისი შემუშავების პროცესი, ღრმა შეშფოთებას იწვევს. ეს კანონპროექტი მომზადდა ნაჩქარევად, სახელმწიფო ინსპექტორთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის, ყოველგვარი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გარეშე“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ამასთან, ელჩის განცხადებით, კანონმდებლობის განახლების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის მიერ შეთავაზებული ინიციატივა, ახალ კანონპროექტში ასახული არ არის.
„ეს პროცესი არ უნდა მომხდარიყო ასე ნაჩქარევად. ეს არის შემდგომი გაუმჯობესების ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, რადგან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ახლახანს, სულ რამდენიმე დღის წინ, წარადგინა საკუთარი საკანონმდებლო წინადადებები, თუ როგორ უნდა გაუმჯობესებულიყო სააგენტოს ფუნქციონირება. არც ერთი შემოთავაზებული ცვლილება არ იყო გათვალისწინებული იმ კანონპროექტში, რომელიც უბრალოდ ამ სამსახურის გაყოფას გულისხმობს. ყველაზე შემაშფოთებელი და რთულად ასახსნელია ის გარემოება, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დასაქმებული ყველა თანამშრომლის გათავისუფლებას. ესენი არიან ექსპერტები, რომლებიც თავიანთ საქმეს წლების განმავლობაში პარლამენტის მხრიდან ყოველგვარი პრეტენზიისა და კითხვების გარეშე აკეთებენ. პარლამენტს ეკისრება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ზედამხედველობის ვალდებულება და როდესაც სახელმწიფო ინსპექტორმა წარადგინა თავისი საქმიანობის წლიური ანგარიში, პარლამენტის მხრიდან კითხვები არ დასმულა. პარლამენტის მხრიდან არანაირი პრეტენზია არ ყოფილა, ამიტომ ძალიან ძნელია იმის გაგება, თუ რატომ გახდა საჭირო ამ სამსახურის ყველა კვალიფიციური თანამშრომლის მარტისთვის გათავისუფლება, ამ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან დამოუკიდებელ სამსახურში დასაქმებული ნიჭიერი და გამოცდილი კადრების დაკარგვა. ეს იყო საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარების უცნაური პროცესი, როდესაც ამის რეალური საჭიროება არ იდგა. სახელმწიფო ინსპექტორთან და მის გუნდთან იყო კონსულტაციების დეფიციტი და კანონპროექტში შევიდა შემაშფოთებელი დებულებები. ჩვენი თხოვნა იქნება პარლამენტმა შეაჩეროს, შეანელოს ეს პროცესი. არ არის საჭირო განხილვის დაჩქარება, გადადეთ ის შემდეგ სასესიო პროცესამდე, რათა ჩატარდეს სათანადო, ინკლუზიური, გამჭვირვალე კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან და შემუშავდეს მიდგომა, რომელიც ნამდვილად აუმჯობესებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. ეს არის ჩვენი რეკომენდაცია და მტკიცე მოთხოვნა პარლამენტის მიმართ“, – განაცხადა დეგნანმა.