კელი დეგნანი - ჩემთვის ეჭვს არ იწვევს, რომ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა კვლავ ძლიერი რჩება
ჩემთვის ეჭვს არ იწვევს, რომ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა კვლავ ძლიერი რჩება, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
ელჩს ჟურნალისტებმა 13 კონგრესმენის მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.
„მე წერილი არ მინახავს, გორში ვიყავი და არ მინახავს დეტალები. წარსულში, როდესაც იყო კომუნიკაცია კონგრესში, ეს განპირობებულია იმით, რომ ისინი აქტიურად აკვირდებიან საქართველოს, ზრუნავენ ქვეყანაზე, აღიარებენ მის მნიშვნელობას და სურთ, რომ საქართველო იყოს წარმატებული. სტრატეგიული პარტნიორობა, რაც ჩვენ გვაქვს, ორივე ქვეყნისთვის ცენტრალურია.
ჩვენ განვახორციელეთ ბევრი ინვესტიცია ერთმანეთთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის ასაშენებლად. „კოვიდ 19“-ის პანდემიის პირობებში თანამშრომლობა ამის კარგი მაგალითია. მთავრობამ ძალიან კარგად იმუშავა ამ კრიზისის სამართავად და ვიამაყებთ საქართველოსთან მუშაობით. ეს საგანგებო მდგომარეობა აქ კარგად იყო მართული, რათა ეკონომიკის განვითარება შესაძლებელი ყოფილიყო, რაც ქვეყანას სჭირდება. ჩვენ გვსურს საქართველოს დახმარება. ასე რომ, ჩემთვის ეჭვი არ არის, რომ თქვენს ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობა კვლავ ძლიერი რჩება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
რაც შეეხება 13 კონგრესმენის ანგარიშში ბიძინა ივანიშვილის მოხსენიებას, კელი დეგნანმა აღნიშნულ საკითხზე კითხვისას განაცხადა, რომ ეს აშშ-ის ოფიციალური პოზიცია არ არის.
„ეს არ არის აშშ-ის ოფიციალური პოზიცია. არ შემიძლია ვისაუბრო ჩემი მთავრობის საკანონმდებლო განშტოების სახელით. მე სხვა განშტოებას წარმოვადგენ. კარგია, თუ კითხვას კონგრესს დაუსვამთ. მე ვიცი, რომ აშშ ეძებს თანამშრომლობის მიმართულებებს საქართველოსთან და ვაგრძელებთ ბევრ ინიციატივას ქვეყანასთან, რადგან ჩვენ გვჯერა საქართველოს მომავლის და წარმატების. ჩვენი აქ ყოფნით ხაზს ვუსვამთ ვალდებულებას, რომ ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“, – განაცხადა დეგნანმა.