კელი დეგნანი - ბევრი ჩვენგანი შეშფოთებული ვართ, რომ არსებობს პოლიტიკური აპათიით მზარდი საფრთხე ახალ თაობაში, ისინი არ ენდობიან პოლიტიკას
კელი დეგნანი - ბევრი ჩვენგანი შეშფოთებული ვართ, რომ არსებობს პოლიტიკური აპათიით მზარდი საფრთხე ახალ თაობაში, ისინი არ ენდობიან პოლიტიკას

ბევრი ჩვენგანი შეშფოთებული ვართ, რომ არსებობს პოლიტიკური აპათიით მზარდი საფრთხე ახალ თაობაში, ისინი არ ენდობიან პოლიტიკას, ეს ხდება ბევრ ქვეყანაში, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე ევროპაში, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომელიც აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით აპოლიტიკური აკადემიის გახსნას დაესწრო.

კელი დეგნანის განცხადებით, ეს ინიციატივა ერთმანეთთან აკავშირებს სამი ქვეყნის ახალგაზრდა ლიდერებს, რომლებიც ზეგავლენას მოახდენენ ამ ქვეყნების მომავალზე.

„ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს კავკასიის აპოლიტიკურ აკადემიას, რადგან ამ სამი ქვეყნის სამოქალაქო თანამშრომლობის იდეა, განსაკუთრებით დაუცველ და მარგინალიზებულ თემებში, ძალიან დროულია, რადგან თავად რეგიონი ახლა ეძებს ახალ გზებს ერთობლივი ინტერაქციისთვის. ეს არის დრო, როდესაც ხდება ამ რეგიონის სტრატეგიული როლის აღიარება, რადგან ეს რეგიონი მნიშვნელოვან როლს ასრულებს არა მხოლოდ როგორც რეგიონი, არამედ როგორც სხვადასხვა რეგიონის დამაკავშირებელი ხიდი.

ეს ინიციატივა ერთმანეთთან აკავშირებს სამი ქვეყნის ახალგაზრდა ლიდერებს, რომლებიც ზეგავლენას მოახდენენ ამ ქვეყნების მომავალზე, ამიტომ კავშირისა და თანამშრომლობის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. კავკასიაში არის ძალიან ბევრი თემი, რომლებიც თავს პოლიტიკიდან და მთავრობისგან გარიყულად გრძნობენ. არსებობს მნიშვნელოვანი ხმები მომავლის ლიდერებს შორის, რომელთა ხმაც არ ისმის, რადგან მათ არ აქვთ არხი,  რომლითაც უზრუნველყოფენ, რომ მათ იდეებს გაიგებენ. ჩემი აზრით, ბევრი ჩვენგანი შეშფოთებული ვართ, რომ არსებობს პოლიტიკური აპათიით მზარდი საფრთხე ახალ თაობაში და ისინი არ ენდობიან პოლიტიკას, ეს ხდება ბევრ ქვეყანაში, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე ევროპაში.

ამის მიზეზი ნაწილობრივ არის ის, რომ არ არსებობს წვლილის შეტანის გზა, არ არსებობს გზა, რათა იგრძნო, რომ შენ გონივრულად ხარ დაკავშირებული ქვეყნის მმართველობასთან. აქ, საქართველოში, ისევე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, მთავრობა არის ხალხთან, ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ ისინი აშენებენ საკუთარ მთავრობას, წვლილი შეაქვთ, ზეგავლენას ახდენენ მასზე. და ეს არ ხდება მხოლოდ, როგორც კანდიდატი არჩევნებზე, ეს ასევე ხდება სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, იმ ორგანიზაციებით, რომლებიც გვაწვდიან უკუკავშირს, კვლევას, ცოდნას, რომ ჩვენი დემოკრატია გაძლიერდეს და გვეხმარება იმის დანახვაში, თუ სადაა საჭირო მეტი რესურსის ჩადება ან მეტი ინიციატივის განხორციელება, რათა ავაშენოთ ხიდები და გავაძლიეროთ ჩვენი დემოკრატიები“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ელჩის შეფასებით, საქართველოში აპოლიტიკური აკადემიის გახსნა დროულია.

„სწორედ ამიტომ არის დროული ამ აკადემიის გახსნა, რომ ეს სივრცე შეივსოს. ეს ახალი იდეაა, ამიტომ მას შეუძლია ადაპტაცია სამხრეთ კავკასიის საჭიროებებზე და ის უფრო დიდი, ფართო ქსელის ნაწილია. ეს მზარდი ქსელია, რომელიც შვეიცარიაში დაიწყო და გავრცელდა შვედეთში, სამხრეთ აფრიკაში, შემდეგ სხვაგანაც. კავკასიის წარმომადგენლები შეძლებენ, შეუერთდნენ რესურსების, მენტორებისა და გამოცდილების, იდეების გაცვლის გლობალურ ქსელს, რაც დამატებით ენერგიას შესძენს მათ, ასევე ამ რეგიონსაც. ამ მიზეზით, იმედი გვაქვს, რომ ეს შეეხება ხალხის ფართო ჯგუფს, მათაც, ვინც ამ დრომდე არ მონაწილეობდა პროცესებში. იმედია, რომ ისინი ამ ინიციატივას ჩართულობის შესაძლებლობად განიხილავენ, რათა მათი იდეები გარდაქმნან სარგებლის მომტანად საქართველოსთვის, სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის და მთელი რეგიონისთვის. თუ ეს მოხდება, მაშინ ეს ჩვენთვისაც სასარგებლო იქნება. ჩვენ გვჯერა ინტეგრირებული, სტაბილური საზოგადოების, რაც არის ყველაზე ძლიერი, მტკიცე, წარმატებული გზა გარე, მავნე ზეგავლენისთვის წინააღმდეგობის გასაწევად და განვითარებული, აყვავებული საზოგადოების ან ქვეყნის ასაშენებლად. ეს ასევე გადამწყვეტია ეთიკური, პასუხისმგებლიანი ლიდერობისთვის. ეს არ ეხება მხოლოდ კანდიდატს, ან პოლიტიკურ პარტიას, ეს არის სამოქალაქო საზოგადოება, ადგილობრივი მთავრობა, მედია და ყველა, ვინც პასუხობს მოქალაქეების საჭიროებებს. სწორედ ასე ვაძლიერებთ ჩვენს დემოკრატიებს და ვაქცევთ მათ სახალხო, ხალხისთვის განკუთვნილ დემოკრატიებად, რისი ხილვაც გვინდა აქ და რაზეც ვმუშაობთ აშშ-ში“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.