კელი დეგნანი ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ბათუმში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, კელი დეგნანი შეხვდა „მულტიპარტიული დემოკრატიის აღმოსავლეთ ევროპული ცენტრის“ |(Eastern European Centre for Multiparty Democracy – EECMD), „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED), „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლებს, სადაც ორგანიზაციების საქმიანობა და აჭარაში წინასაარჩევნო გარემო განიხილეს.
„სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებელი ორგანიზაციები აუცილებელია ჯანსაღი დემოკრატიისათვის. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში მათი როლი უმნიშვნელოვანესია. შეერთებული შტატები განაგრძობს მხარდაჭერას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისადმი, რომლებიც აკვირდებიან საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებს, მხარს უჭერენ საარჩევნო რეფორმას და ეხმარებიან საქართველოს მოქალაქეებს, უკეთ იყვნენ ინფორმირებული თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ“, – აღნიშნულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.