კელი დეგნანი - „ბახვი ჰესის“ აშენება არა მხოლოდ მწვანე ენერგეტიკის სფეროში საქართველოს ლიდერობაზე მიუთითებს, ასევე წინგადადგმული ნაბიჯია აშშ-საქართველოს თანამშრომლობაში
საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი აცხადებს, რომ „ბახვი ჰესის“ ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის ხელმოწერა წინგადადგმული ნაბიჯია აშშ-საქართველოს თანამშრომლობაში.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ ვესწრები „ბახვი ჰესის“ ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის ხელმოწერას. ეს არა მხოლოდ მწვანე ენერგეტიკის სფეროში საქართველოს ლიდერობაზე მიუთითებს, ეს არის ასევე წინგადადგმული ნაბიჯი აშშ-საქართველოსა და „ცერბერუს ფრონტიერის“ თანამშრომლობაში. ძალიან მნიშვნელოვან სექტორში, საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისთვის ბევრი შრომა იქნა ჩადებული ადგილობრივ დასახლებებთან კოორდინაციასა და მაღალი გარემოსდაცვითი სტანდარტების შექმნაში. გვიხარია, რომ ჰესი სამუშაო ადგილებისა და ენერგეტიკის მნიშვნელოვან წყაროდ რჩება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ და ამერიკულმა საინვესტიციო ფონდმა „ცერბერუს კაპიტალ მენეჯმენტმა“, აფილირებული კომპანიის, „ცერბერუს ფრონტიერ ჯორჯიას“ მმართველმა დირექტორმა მიხეილ ნიბლაძემ „ბახვი ერთი ჰესის განვითარების ხელშეკრულებას“ მოაწერეს ხელი.
პროექტი ითვალისწინებს გურიის მხარეში „ბახვი ჰესის“ აშენებას, რომლის დადგმული სიმძლავრე 12 მგვტ, ხოლო წლიური გამომუშავება 50 მგვტ.სთ იქნება, სავარაუდო ინვესტიცია კი – 16 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის განხორციელებას უშუალოდ მშენებლობაზე 300, ხოლო მუდმივად 20 სამუშაო ადგილი შეიქმნება.