კელი დეგნანი - აშშ-მა და ჯანდაცვის სამინისტრომ ბევრი რამ გააკეთეს ერთად, ტიკარაძე იყო ძალიან მოწადინებული, დახმარებოდა საქართველოს
საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, პანდემიის პერიოდში ეკატერინე ტიკარაძესთან და მის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა ჰქონდა. მისივე თქმით, ტიკარაძე მონდომებული იყო, რათა ქვეყანას დახმარებოდა.
როგორც დეგნანი ამბობს, დარწმუნებულია, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება თამარ გაბუნიასთან, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელია.
„არ მისაუბრია მინისტრ ტიკარაძესთან. პანდემიის ამ რთულ პერიოდში მასთან ძალიან მჭიდროდ ვმუშაობდით. აშშ-მა და ჯანდაცვის სამინისტრომ ბევრი რამ გააკეთეს ერთად, მათ შორის არის აშშ-ის მიერ აღჭურვილობის დონაცია, ჟანგბადის აპარატები, მილიონობით დოლარის ღირებულების აღჭურვილობა, ასევე 500 ათასი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა. კოვიდპანდემიის ორი წლის განმავლობაში ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით მინისტრთან და მის გუნდთან. ვიცი, რომ ის იყო ძალიან მოწადინებული, დახმარებოდა საქართველოს. ეჭვი არ მეპარება, ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ თამარ გაბუნიასთან, რომელიც იყო შესანიშნავი პარტნიორი ამ რთულ პერიოდში. ეჭვი არ მეპარება, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან და მის გუნდთან, როგორც ამას ბოლო ორი წლის განმავლობაში ვაკეთებდით“, – განაცხადა კელი დეგნანმა.