კელი დეგნანი - აშშ-ის საელჩოდან არავინ ცდილობდა გავლენას ან ზეწოლას მოსამართლეზე, გავლენას საქმის გადაწყვეტილებაზე, ჩვენ ასე არ ვმუშაობთ
ჩვენ არ ვიყენებთ ჩვენს პროგრამებს ვინმესთვის სანქციების დასაწესებლად ან დასასჯელად, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პროგრამიდან მოსამართლის მონაწილეობის გაუქმებას შეეხებოდა.
მისივე თქმით, სასამართლო სისტემასთან მუშაობაში აშშ ფოკუსირებული იყო საქართველოს დახმარებაზე, განევითარებინა დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე სასამართლო სისტემა.
როგორც დეგნანი ამბობს, აშშ-ის საელჩოდან არავინ ცდლობდა გავლენის ან ზეწოლის მოხდენას რომელიმე მოსამართლეზე ან გავლენას რომელიმე საქმის გადაწყვეტილებაზე.
„ვფიქრობ, ამ კითხვას უკვე რამდენჯერმე ვუპასუხე, თუმცა კიდევ ერთხელ გავცემ პასუხს. ჩვენ არ ვიყენებთ ჩვენს პროგრამებს ვინმესთვის სანქციების დასაწესებლად ან დასასჯელად. ჩვენი პროგრამები ღიაა მოსამართლეებისთვის, პროკურორებისთვის, ადვოკატებისთვის, რომლებიც დაინტერესებული, კვალიფიცირებული, ხელმისაწვდომები და ღია არიან ამ გაცვლითი პროგრამებისთვის თავიანთ კოლეგებთან და სამართლებრივ საკითხებში ექსპერტებთან აშშ-ში.
ბოლო 30 წლის განმავლობაში სასამართლო სისტემასთან აქ მუშაობაში ჩვენ ფოკუსირებული ვიყავით საქართველოს დახმარებაზე, განევითარებინა დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე სასამართლო სისტემა, რომელიც გადაწყვეტილებების გამოტანისას ხელმძღვანელობს კანონის საფუძველზე, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დამოუკიდებელად. ძალიან სამწუხაროა იმის მოსმენა, რომ მოსამართლეებზე აქ ზეწოლა ხორციელდება, თუმცა შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ეს ზეწოლა არ მიმდინარეობს აშშ-ის საელჩოს მხრიდან.
ძალიან მოხარული ვარ და ჩემთვის პატივია, რომ მქონდა შესაძლებლობა, რამდენჯერმე შევხვედროდი რამდენიმე მოსამართლეს საქართველოში, მათ შორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს. ამ შეხვედრების დროს ჩვენ განვიხილეთ აშშ-სა და საქართველოს წარმატებული თანამშრომლობა, რომელიც ითვალსწინებს საქართველოს დახმარებას უფრო ძლიერი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლოს განვითარებაში. ეს იყო ძალიან წარმატებული მუშაობა. აშშ-ის საელჩოდან არავინ ცდილობდა გავლენის ან ზეწოლის მოხდენას რომელიმე მოსამართლეზე ან გავლენის მოხდენას რომელიმე საქმის გადაწყვეტილებაზე. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ასე არ ვმუშაობთ და სამუშაო, რომელსაც ვასრულებთ მოსამართლეებთან, ხაზს უსვამს მკაფიო, მიუკერძოებელი, კანონზე და წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების გამოტანის შესაძლებლობას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.