კელი დეგნანი აცხადებს, რომ თბილისში „მაკდონალდსის“ ორი ახალი ობიექტის გახსნა ეკონომიკური აღდგენის კარგი მაგალითია
დღევანდელი დღე არის ეკონომიკური აღდგენის კარგი მაგალითი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომელიც თბილისში, კახეთის გზატკეცილზე „მაკდონალდსის“ ახალი ობიექტის გახსნას დაესწრო.
მისივე თქმით, მნიშნელოვანია, რომ იქმნება სამუშაო ადგილები არა მხოლოდ უშუალოდ რესტორნებში, არამედ „მაკდონალდსის“ მომარაგების მთელ ჯაჭვში.
„დღევანდელი დღე არის ეკონომიკური აღდგენის კარგი მაგალითი. დღეს საქართველოში იხსნება „მაკდონალდსის“ ორი ფილიალი, გასულ და მიმდინარე წელს 26 მილიონი ლარის ოდენობის ზრდის შემდეგ. ეს არის ამერიკულ წარმოებასა და სტანდარტებს, ქართულ ბიზნესსა და, რა თქმა უნდა, ქართულ ხარისხიან ინგრედიენტებს შორის ერთგვარი თანამშრომლობის კარგი მაჩვენებელი.
მნიშნელოვანია, რომ ეს ქმნის სამუშაო ადგილებს არა მხოლოდ აქ, რესტორნებში, არამედ „მაკდონალდსის“ მომარაგების მთელ ჯაჭვში, რადგან საქართველოში ის ფერმერები, რომლებსაც მოჰყავთ სალათის ფოთოლი, პომიდორი, კარტოფილი, მიიღებენ კვალიფიკაციას ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატის შესაბამისად, რათა შეძლონ ინგრედიენტებისა და შესაფუთი მასალების მიწოდება „მაკდონალდსისთვის“ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. ასე რომ, ეს არის ნამდვილი წარმატების ისტორია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
„მაკლდონალდს საქართველომ“ თბილისში ორი ახალი ობიექტი გახსნა. „მაკლდონალდსის“ უახლესი კონცეფციის რესტორნები მომხმარებლებს აღმაშენებლის ხეივანსა და კახეთის გზატკეცილზე უმასპინძლებს. როგორც აღინიშნა, თითოეული ფილიალი 150 სამუშაო ადგილს ქმნის.