კელი დეგნანი - 19 აპრილის შეთანხმების თითოეული პუნქტი და საკითხი მოდიოდა პოლიტიკური ლიდერებისგან და იყო შედეგი იმ მოლაპარაკებების, რაც იმართებოდა
ვერ გეტყვით, ვინ იყო ამ საკითხის შეთანხმებაში ჩართვის კონკრეტული ინიციატორი, რადგან ეს ხდებოდა დისკუსიის, მოლაპარაკების შედეგად, რომელიც საათობით გრძელდებოდა და თითოეული საკითხი, რაც განიხილებოდა და რაც იქნა მიღებული, მოდიოდა პოლიტიკური ლიდერებისგან, რომლებიც ესწრებოდნენ მოლაპარაკების პროცესს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, „საიდან გაჩნდა პროკურორის არჩევის ახალი წესი მიშელის შეთანხმებაში, ვინ იყო ამის ინიციატორი“.
დეგნანის თქმით, 19 აპრილის შეთანხმებაში არსებული თითოეული საკითხი არის იმ დიალოგის შედეგი, რაც პოლიტიკურ ლიდერებს შორის იმართებოდა.
„თითოეული პუნქტი და საკითხი, რაც არის 19 აპრილის შეთანხმებაში, მოდიოდა პოლიტიკური ლიდერებისგან და იყო შედეგი იმ დიალოგის და მოლაპარაკებების, რაც იმართებოდა. მართლმსაჯულების რეფორმაზე იყო საკმაოდ დიდი განხილვები და დისკუსიები. საკითხები ამასთან დაკავშირებით ან მოდიოდა თავად პოლიტიკური ლიდერებისგან, ან ეყრდნობოდა ვენეციის კომისიის და ოდირის მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს უნდა განეხორციელებინა. ვერ გეტყვით, ვინ იყო ამ საკითხის შეთანხმებაში ჩართვის კონკრეტული ინიციატორი, რადგან ეს ხდებოდა დისკუსიისა და მოლაპარაკების შედეგად, რომელიც საათობით გრძელდებოდა და თითოეული საკითხი, რაც განიხილებოდა და რაც იქნა მიღებული, მოდიოდა პოლიტიკური ლიდერებისგან, რომლებიც ესწრებოდნენ მოლაპარაკების პროცესს“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.
ამასთან, დეგნანის განმარტებით, მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით, საქართველოს ურჩიეს, კანონმდებლობის მიღებამდე ის გადაგზავნილიყო ვენეციის კომისიასა და ოდირში შეფასებებისთვის, რადგან მათ უკეთ იციან, რამდენად შეესაბამება აღნიშნული კანონმდებლობა საუკეთესო სტანდარტებს.
„რაც შეეხება ვენეციის კომისიას, მოგეხსენებათ, რომ ეს კომისია დაკომპლექტებულია სამართლის სფეროს ექსპერტებით, რომლებიც სწავლობენ ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას და არა მხოლოდ. სწორედ ამიტომ, საქართველოს ვურჩიეთ, კანონმდებლობის მიღებამდე ის გადაგზავნილიყო ვენეციის კომისიაში და ოდირში შეფასებებისთვის, რადგან მათ უკეთ იციან, რამდენად შეესაბამება აღნიშნული კანონმდებლობა საუკეთესო სტანდარტებს, რამდენად არის შესაბამისი ევროპის კანონმდებლობასთან. სწორედ ამიტომ მოხდა ვენეციის კომისიასთან გადაგზავნა. ძალიან მნიშვნელოვანია კონცენტრირება ამ საკითხებზე და მიღწევა კანდიდატის სტატუსისა, რაც გახლდათ როგორც მმართველი პარტიის, მთავრობის და ასევე საქართველოს პოლიტიკური ლიდერების დაპირება ქართველი ხალხის მიმართ, რომ ამ სტატუსს მიიღებს ქვეყანა, ეს იყო ყველაზე დიდი პრიორიტეტი და დაპირება, რადგან ქართველი ხალხის არჩევანი არის ძალიან მკაფიო, ნათელი, ქართველ ხალხს სურს ევროატლანტიკურ ერთა ოჯახში წევრობა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.