შირაქის ველზე მდებარე სოფელ კასრისწყალში მცხოვრები შალვა გაწენიძე საცხოვრებელ სახლთან გიურზამ დაკბინა.
მამაკაცი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ქვეწარმავლისგან დაკბენილ 41 წლის მამაკაცს პირველადი დახმარება შხამის საწინააღმდეგო ვაქცინის სახით დედოფლისწყაროს საავადმყოფოში აღმოუჩინეს, თუმცა პაციენტის მდგომარეობის გამო, მისი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო.
სოფელ კასრისწყალში აღნიშნულ ფაქტამდე დასახლებულ ტერიტორიაზე ქვეწარმავლის გამოჩენის სამი შემთხვევა დაფიქსირდა.
„რამდენიმე კვირის წინ, ჩემს სახლში მეორე სართულზე საძინებელ ოთახში, საწოლში იყო შემძვრალი, კიდევ კარგი დაწოლამდე შევნიშნე და ბავშვები არ დამიკბინა. ჩემმა ქმარმა მოახერხა მისი მოკვლა”, – ამბობს სოფლის მცხოვრები შოილა მუსტაფაევა.
სოფელი კასრისწყალი ახმეტის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა სამედიცინო თუ საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით დედოფლისწყაროში ჩადის. მუნიციპალიტეტის ცენტრისგან კასრისწყალი 45 კილომეტრითაა დაშორებული. აქედან 15 კილომეტრი ამორტიზებული გზაა, რომლის გავლას ერთი საათი სჭირდება.
„სოფლის ტერიტორიაზე ქვეწარმავლები ზაფხულში სულ არიან, ჩვენი სიცოცხლე მუდმივად საფრთხეშია. სოფელში არ გვაქვს ამბულატორია, რომ გველის დაკბენის შემთხვევაში შრატით მაინც დროულად გაეწიოს დახმარება, სანამ დედოფლისწყაროდან აქამდე სასწრაფო ჩამოვა, შეიძლება ადამიანი მოკვდეს“,- ამბობს სოფლის მცხოვრები ნათია თავბერიძე.
ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებისგან ზაფხულის პერიოდში ერთი სამედიცინო ბრიგადის სოფელში მორიგეობის დაწესებას ითხოვს.