კასპის პროფესიული სასწავლებელი ახალი სასწავლო წლიდან პირველ სტუდენტებს მიიღებს
ახალი სასწავლო წლიდან კასპში თანამედროვე სტანდარტების პროფესიული სასწავლებელი პირველ სტუდენტებს მიიღებს. განათლების სამინისტროს ცნობით, კოლეჯი მსურველებს საინჟინრო, სამშენებლო, სოფლის მეურნეობისა სხვა მოთხოვნადი მიმართულებების პროფესიულ პროგრამებს შესთავაზებს.
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ულტრათანამედროვე პროექტი სრულად დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მისი ღირებულება ხუთ მილიონ ლარზე მეტია. შენობა 260 სტუდენტზეა გათვლილი და სრულადაა აღჭურვილი საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით.
ინფრასტრუქტურის გასაცნობად და ადგილზე არსებული გამოწვევებისა და თანამშრომლობის საკითხების განხილვის მიზნით, კასპის კოლეჯმა საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრა ღია დიალოგის ფორმატში წარიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა, საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა, საქართველოს პარლამენტის წევრებმა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბიზნესის წარმომადგენლებმა მიიღეს.
„შთამბეჭდავია იმის ნახვა, როგორი კოლეჯი აშენდა კასპში. ახალი კოლეჯები შენდება საქართველოს სხვა რეგიონებშიც, ხდება მათი მოდერნიზირება და მოწყობა იმის გათვალისწინებით, რომ პროფესიული განათლება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა, მსურველებმა კარგი განათლება მიიღონ, პროფესია შეიძინონ და ჰქონდეთ კარგი შემოსავალი, ეს აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის. გერმანია მომავალშიც მხარს დაუჭერს საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებას“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.