კაშხალში წყლის დონის კლების გამო, მდინარე ტიგროსის ქვეშ 3400 წლის წინანდელი ქალაქის ნანგრევები გამოჩნდა — #1tvმეცნიერება
ჩვენს პლანეტაზე მიმდინარე კლიმატის ცვლილების ძალა ზოგჯერ ათასწლეულობით დამალულ საიდუმლოებს ხდის ფარდას.
მაშინ, როცა გამთბარ გარემოში წყალი და ყინული უკან იხევს, ჩნდება მოკვდავთა სამყაროდან დიდი ხნის გასული ხალხისა და ცივილიზაციის კვალი. ბოლო თვეებში, უკიდურესმა გვალვამ განსაკუთრებით დააზარალა ერაყი; წყლის დონე განსაკუთრებით შემცირდა მოსულის წყალსაცავში, რადგან მის წყალს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსარწყავად იყენებენ.
ამ კრიზისში, მიწაზე კიდევ ერთხელ ამოიმართა ათწლეულების წინ წყალში ჩაძირული უძველესი ქალაქის ნანგრევები. მოსულის კაშხალი 1980-იან წლებში აშენდა, როდესაც ეს უძველესი დასახლება არქეოლოგიურად ჯერ არ იყო შესწავლილი და კატალოგიზებული; ამიტომ, დღის სინათლეზე მისი ხელახლა გამოჩენა მეცნიერებს კვლევების უნიკალურ შანსს აძლევს. ამ არქეოლოგიურ ძეგლს კემუნეს უწოდებენ.
ნანგრევები მოიცავს სასახლეს და რამდენიმე სხვა დიდი სტრუქტურას, რომლებიც ამ რეგიონის ბრინჯაოს ხანას ეკუთვნის, დაახლოებით 3400 წლის წინანდელ პერიოდს. მეცნიერთა აზრით, ნანგრევები შეიძლება ეკუთვნოდეს უძველეს ქალაქ ზახიკუს — მითანის იმპერიის ფუსფუსა ცენტრს, რომელიც მდინარე ტიგროსის ნაპირებზე ძვ. წ. 1550 – 1350 წლებში ყვაოდა.
ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც ეს უძველესი ქალაქი წყლიდან ატლანტიდასავით ამოიზიდა. კაშხალში წყლის დონე 2018 წელსაც შემცირდა, ქალაქი ცოტა ხნით გამოჩნდა და არქეოლოგებმა ნანგრევების დოკუმენტირება შეძლეს, ვიდრე მათ კვლავ წყალი შთანთქავდა.
2021 წლის დეკემბერში, როდესაც ქალაქმა გამოჩენა კვლავ დაიწყო, არქეოლოგები უკვე მზად იყვნენ, კვლევებისთვის დროის ეს მცირე პერიოდი გამოეყენებინათ.
2022 წლის იანვარსა და თებერვალში, ერაყის ქურთისტანის არქეოლოგიური ორგანიზაციის არქეოლოგმა ჰასან აჰმედ ქასიმმა და მისმა კოლეგებმა გერმანიის ფრაიბურგისა და ტუბინგენის უნივერსიტეტებიდან, ამ იდუმალი ქალაქის რუკების შედგენა დაიწყეს.
2018 წელს აღმოჩენილი ადგილის გარდა, მკვლევრებმა სხვა საინტერესო სტრუქტურებსაც მიაგნეს. მათ შორის იყო მოზრდილი საფორტიფიკაციო ნაგებობა კედლითა და კოშკებით, ინდუსტრიული კომპლექსი და უზარმაზარი, მრავალსართულიანი შემნახველი ნაგებობა; ყველა მათგანი მითანის იმპერიას ეკუთვნის.
„უზარმაზარი მაღაზიის (საწყობის) შენობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იქ შესაძლებელი უნდა ყოფილიყო დიდი ოდენობით საქონლის შენახვა, რომელიც ალბათ მთელი რეგიონიდან მოჰქონდათ“, — ამბობს ფრაიბურგის უნივერსიტეტის არქეოლოგი ივანა პულიზი.
კიდევ უფრო გამორჩეულია ტალახის აგურის კედლების შენახვის დონე, თუ გავითვალისწინებთ, რომ ისინი უკვე 40 წელია წყალქვეშაა, მაგრამ დღემდე შემორჩა ძვ. წ. 1350 წელს ქალაქის უეცარი დაცემის წყალობით.
აღნიშნულ წელს, რეგიონი მიწისძვრამ გაანადგურა, დასცა შენობები, რომლებიც ხელუხლებელ კედლებს დამცავი საფარივით გადაეფარა და შეინარჩუნა ნახატები და შიგნით არსებული ნივთები.
ქალაქში ასევე აღმოაჩინეს კერამიკის ჭურჭელი, 100-ზე მეტი გამოუწვავი თიხის ფილა ლურსმული დამწერლობით, რომლებიც შუა ასურეთის იმპერიას ეკუთვნის, მიწისძვრიდან მალევე პერიოდს.
მკვლევართა ჯგუფი იმედოვნებს, რომ ჩანაწერები შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ ინფორმაციას ქალაქის მცხოვრებთა შესახებ, ისევე, როგორც თავად იმ გამანადგურებელი მიწისძვრის შესახებ.
„თითქმის სასწაულია, რომ ლურსმული დამწერლობის შემცველი გამოუწვავი თიხის ფირფიტები წყალქვეშ ამდენ ხანს გადარჩა“, — ამბობს ტუბინგენის უნივერსიტეტის არქეოლოგი პიტერ პფალცნერი.
შემდეგ კაშხალი კვლავ აივსო და ქალაქი კიდევ ერთხელ შთანთქა წყალმა. თუმცა, მოასწრეს ისეთი ზომების მიღება, რომ ის სამომავლო გათხრებამდე შენარჩუნდეს, როდესაც წყლის დონე კვლავ დაიწევს. ნანგრევები პლასტმასის საფარით დაფარეს, რათა მომდევნო წლებში არ მოხდეს მათი ეროზია და დეგრადაცია.
ამასობაში, არქეოლოგებს უკვე აქვთ უნიკალური მასალები კვლევებისთვის, რათა ნათელი მოჰფინონ უძველესი მითანის ყოველდღიურობის ამბებს და გაარკვიონ, ვინ ცხოვრობდა ამ ერთ დროს დიდებულ ქალაქში.
მომზადებულია uni-tuebingen.de-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.