კარლეს პუიჩდემონი პენსიაზე უარს ამბობს
კარლეს პუიჩდემონი პენსიაზე უარს ამბობს

კატალონიის რეგიონული მთავრობის ყოფილი ლიდერი კარლეს პუიჩდემონი პენსიის მიღებაზე უარს ამბობს. ინფორმაცის Europa Press-ი ავრცელებს. გამოცემის ვერსიით, როგორც კატალონიის ყოფილ ლიდერს, მას 112 000 ევროს ოდენობის პენსიის მიღება შესთავაზეს, თუმცა თავად უარს ამბობს, რადგან თავს ჯერ კიდევ კატალონიის პრეზიდენტად თვლის.

გამოცემის ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრმა მას გადაწყვეტილების მისაღებად ათი სამუშაო დღე მისცა.

საერთო ჯამში, მიმდინარე წელს პუიჩდემონის ხელფასი 140 000 ევრო უნდა ყოფილიყო. ახლა, კანონის მიხედვით, ექსმეთაურს შესაძლებლობა აქვს, ოთხი წლის განმავლობაში ყოველთვიური პენსია მიიღოს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პუიჩდემონი საკუთარ სტატუსს, ანუ კატალონიის ყოფილი ლიდერის წოდებას დათანხმდება.

კატალონიის რეგიონული მთავრობის ყოფილი ლიდერი კარლეს პუიჩდემონი ახლა ბელგიაშია და ბელგიური მართლმსაჯულების გადაწყვეტილებას ელოდება.

1-ელ ოქტომბერს კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ ე.წ რეფერენდუმი ჩატარდა. საარჩევნო ყუთებთან მისული მოსახლეობის უმეტესობამ მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირა. რეფერენდუმი არაკონსტიტუციურად ცნო მადრიდმა. რამდენიმე დღეში კი კატალონიის მთავრობამ რეგიონის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამის შემდეგ, ესპანეთის მთავრობამ კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედა, რომლითაც კატალონია ცენტრალურ ხელისუფლებას დაუქვემდებარა, უკვე ყოფილი ლიდერის წინააღმდეგ კი საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.