კარლეს პუიჩდემონი მხარდამჭერებს მოუწოდებს, არ შეწყვიტონ კატალონიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა
კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუიჩდემონი საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდებს, არ შეწყვიტონ რეგიონის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა.
მისი მიმართვა კატალონიელ სეპარატისტებს აუდიოგზავნილის სახით მიაწოდეს, რომელიც ერთ-ერთმა გერმანელმა პოლიტიკოსმა ნოიმუენსტერის ციხეში პუიჩდემონთან სტუმრობისას ჩაწერა.
„ჩვენ უნდა მივყვეთ იმ გზას, რომელსაც ვადგავართ და დავიცვათ ჩვენი უფლებები“, – ამბობს კატალონიის ყოფილი ლიდერი.
გაგზავნილ შეტყობინებაში პუიჩდემონი მომხრეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და „ცივილურად მოიქცნენ დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე“.
გერმანიის მემარცხენე პარტიის წარმომადგენელი დიტერ დეემი, რომელმაც პუიჩდემონის მიმართვა ჩაწერა, ამბობს, რომ კატალონიის ყოფილი ლიდერი ჯანმრთელად გამოიყურება და კარგ განწყობაზეა, თუმცა ესპანეთში ექსტრადირების შემთხვევაში, ფიზიკური ზიანის შიში აქვს.
კარლეს პუიჩდემონი 25 მარტს ბერლინში მას შემდეგ დააკავეს, რაც მის წინააღმდეგ ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ საერთაშორისო დაკავების ორდერი გასცა. პუიჩდემონსა და კატალონიის ყოფილი მთავრობის 24 წევრს ოფიციალური მადრიდი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. მათგან 13-ს ბრალი უკვე წაუყენეს.
კატალონიის ყოფილი ლიდერი გერმანული სასამართლოს წინაშე გასულ ორშაბათს წარდგა, სადაც გაცხადდა, რომ ის მანამდე იქნება პატიმრობაში, ვიდრე მისი ესპანეთში ექსტრადირების საკითხი გადაწყდება. გერმანული სასამართლო განიხილავს, უნდა დააკმაყოფილოს თუ არა გერმანიამ ესპანეთის მოთხოვნა პუიჩდემონის გადაცემის შესახებ.
კატალონიის ყოფილ ლიდერს, რომელმაც ხუთი თვის წინ ბელგიას შეაფარა თავი, სამშობლოში 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.