კარლეს პუიჩდემონი მხარდამჭერებს 11 სექტემბერს მასობრივ დემონსტრაციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს
კარლეს პუიჩდემონი მხარდამჭერებს 11 სექტემბერს მასობრივ დემონსტრაციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

კატალონიის ყოფილი რეგიონული ლიდერი კარლეს პუიჩდემონი მხარდამჭერებს 11 სექტემბერს მასობრივ დემონსტრაციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ კარლეს პუიჩდემონმა ბრიუსელში, კატალონიის მოქმედ ლიდერთან კიმ ტორასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

11 სექტემბერს კატალონიაში ეროვნული დღე აღინიშნება.

ამას გარდა, პრესკონფერენციაზე პუიჩდემონმა და კიმ ტორამ აღნიშნეს, რომ ევროპარლამენტში არჩეული კატალონიელი პოლიტიკოსების ადგილები ამ დრომდე ცარიელი რჩება.

მაისში გამართული ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად კატალონიის ყოფილი ლიდერი, კატალონიის მთავრობის სამ ყოფილ წევრთან ერთად აირჩიეს, თუმცა მათ ევროდეპუტატების მანდატები ვერ მოიპოვეს, რადგან ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ მათ დოკუმენტების მიღების ნებართვა არ მისცა.

კარლეს პუიჩდემონმა ესპანეთი 2017 წლის შემოდგომას, კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის შემდეგ დატოვა. ესპანეთში მის წინააღმდეგ საქმეა აღძრული. ამჟამად კარლეს პუიჩდემონი ბრიუსელში ცხოვრობს.