კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუიჩდემონი ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. პუიჩდემონმა, რომელიც ამჟამად ბერლინში ცხოვრობს, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რომ ეს არის მომენტი, როდესაც კატალონიის თვითგამორკვევის უფლების საერთაშორისო ასპარეზზე გასავრცელებლად, კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმაა შესაძლებელი.
2017 წელს კატალონიაში ჩატარებული დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ესპანეთის სასამართლომ უკანონოდ გამოაცხადა და რეგიონზე პირდაპირი კონტროლი დაამყარა. კარლეს პუიჩდემონმა ესპანეთი დატოვა. კატალონიის ყოფილ ლიდერს ბრალი ამბოხების ორგანიზების და ამბოხებისკენ წაქეზების მუხლებით აქვს წარდგენილი და დამტკიცების შემთხვევაში 25-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
გერმანიამ ამბოხების ბრალდებით პუჩდემონის გადაცემაზე ესპანეთს უარი უთხრა, თუმცა ბერლინში ფიქრობენ, რომ კატალონიის ყოფილი ლიდერი შესაძლოა, სახელმწიფო ხარჯების გაფლანგვის ბრალდებით გასამართლდეს.