კარლეს პუიჩდემონი - ესპანეთი დამარცხდა, კატალონიელებმა საკუთარი სიძლიერე აჩვენეს
ესპანეთი დამარცხდა და კატალონიამ გაიმარჯვა, კატალონიელებმა საკუთარი სიძლიერე აჩვენეს, – კატალონიის ყოფილი ლიდერი, კარლეს პუიჩდემონი რიგგარეშე არჩევნების შედეგებს ბელგიიდან ეხმაურება. პუიჩდემონი მადლობას უხდის ამომრჩეველს და ჯერ სამომავლო გეგმებზე არ საუბრობს. მისი ადვოკატი ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ განმარტებები მოგვიანებით გაკეთდება.
საარჩევნო კამპანიაში კატალონიის ყოფილი მმართველი ბელგიიდან იყო ჩართული, სადაც მას შემდეგ იმყოფება, რაც ესპანეთის ხელისუფლებამ კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედა, გააუქმა ავტონომია, დაითხოვა პარლამენტი, დროებითი მმართველი დანიშნა და ყოფილი ხელისუფლების წევრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა. პუიჩდემონის და ოთხი ყოფილი მინისტრის დაკავების საერთაშორისო ორდერი ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ დეკემბრის დასაწყისში გააუქმა, თუმცა ესპანეთის ტერიტორიაზე ჩამოსვლის შემთხვევაში, პუიჩდემონს და მასთან ერთად ქვეყნიდან წასულ მთავრობის ოთხ ყოფილ წევრს 30 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
საქმე აღძრულია საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ გაფლანგვაზე, დაუმორჩილებლობის გამოცხადებასა და ამბოხების მოწყობის მცდელობაზე.