კარლ ჰარცელი - ნოდარ დუმბაძე იყო ძალიან ბრძენი, როდესაც გაითვალისწინა „მზიურის“ სივრცე, როგორც საბავშვო სკვერი, ვამაყობ, რომ ეს მემკვიდრეობა გრძელდება
კარლ ჰარცელი - ნოდარ დუმბაძე იყო ძალიან ბრძენი, როდესაც გაითვალისწინა „მზიურის“ სივრცე, როგორც საბავშვო სკვერი, ვამაყობ, რომ ეს მემკვიდრეობა გრძელდება

ვამაყობ, რომ ევროკავშირი, ევროკავშირის საინვესტიციო ბანკი იყო თანამონაწილე საქმის, მომხდარიყო ცნობილი „მზიურის“ ტრანსფორმაცია და გარდაქმნა ახალ „მზიურად“, – ამის შესახებ „მზიურის“ განახლებული პარკის გახსნაზე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ „მზიური“ უნიკალური სკვერია. მან მწერალ ნოდარ დუმბაძეც ისაუბრა, როგორც „მზიურის“ დაარსების იდეის ავტორზე და აღნიშნა, რომ ის ბრძენი იყო.

„ნოდარ დუმბაძე იყო ძალიან ბრძენი, როდესაც გაითვალისწინა ეს სივრცე,  როგორც ბავშვების სკვერი. მე ვამაყობ, რომ ეს მემკვიდრეობა გრძელდება. ვიცი, მისი ოჯახის წევრები აქ არიან და მინდა, მოვისმინო მათი ფიქრები იმასთან დაკავშირებით, თუ რა განხორციელდა აქ. ჩემთვის ეს არის უნიკალური პროექტი, რადგან ეს არის უნიკალური სკვერი. ამავდროულად ეს არის განუყოფელი ნაწილი ევროკავშირის იმ საქმიანობისა, რომელსაც  ახორციელებს საქართველოში და კერძოდ, თბილისში, რათა თბილისი გახდეს უფრო მწვანე ქალაქი. ეს ასევე არის სხვა საქმის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს გამწვანებას, უკეთესი, უფრო სუფთა ჰაერის შექმნას, ენერგოეფექტურობას, რადგან ეს ქვეყანა იმსახურებს, წარმოაჩინოს თავისი სრული სილამაზე და იყოს ჯანსაღი ადგილი თავისი მოქალაქეებისათვის“, – აღნიშნა ელჩმა.

მან 13 ივნისის ტრაგედიაზეც ისაუბრა.

„მესმის ამ სკვერის გახსნის სიმბოლიზმი 13 ივნისს. მე არ ვიყავი მაშინ საქართველოში, 2015 წელს. ვიცი ის ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდა ამ ტერიტორიას. ასევე ვიცი ის უპრეცედენტო სოლიდარობა, რომელიც გამოამჟღავნეს ქართველებმა იმ დღეების განმავლობაში, ახალგაზრდა ქართველებმა, რომელთა ნაწილიც დღეს ჩვენთან ერთად აქ იმყოფება. მათ შორის არიან ის ბავშვები, რომლებზეც ფიქრობდა ნოდარ დუმბაძე, როდესაც ჩამოაყალიბა „მზიურის“ იდეა. ეს მემკვიდრეობა გაგრძელდება უფრო მწვანე, უფრო ჯანსაღი და უფრო ბედნიერი ახალი თაობისთვის“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.