კარლ ჰარცელი - გავაგრძელებთ სხვადასხვა მხარესთან საუბარს, რათა ვნახოთ, როგორ შეგვიძლია საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით პროცესის გაგრძელება
გავაგრძელებთ სხვადასხვა მხარესთან საუბარს, რათა ვნახოთ, როგორ შეგვიძლია მომავალში პროცესის გაგრძელება, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა მმართველ გუნდთან საარჩევნო მოდელზე მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებაზე კომენტირებისას.
„ძალიან ადრეა ასეთი განსჯა. მოვისმინე ოპოზიციის განცხადება. მქონდა საშუალება, ამ საღამოს რამდენიმე წარმომადგენელთან მესაუბრა. გავაგრძელებთ ამ დისკუსიას, რათა ვნახოთ, როგორ შეგვიძლია მომავალში პროცესის გაგრძელება. გავაგრძელებთ სხვადასხვა მხარესთან საუბარს იმაზე, როგორ შეიძლება, სიტუაცია განვითარდეს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
რაც შეეხება გიგი უგულავას საქმეს, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ ამ საქმეს დააკვირდება.
„გიგი უგულავას საქმეს დავაკვირდებით ძალიან ყურადღებით. ეს არის მაღალი ინტერესის საქმე. ბუნებრივია, ამას გავაკეთებთ. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია ამ მომენტისთვის“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო. უზენაესმა სასამართლომ უგულავას სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეკრებილმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ მმართველ გუნდთან საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებები წყდება.