კარლ ჰარცელი - ფარული ჩანაწერები პოლიტიკის მიმართ ადამიანების ნდობას ძირს უთხრის
ჩანაწერების მოსმენისას ხალხი არ იწყებს გარკვევას, რა არის მართალი და რა – არა, რადგან ეს ნარევია. ჩანაწერები პოლიტიკის მიმართ ადამიანების ნდობას ძირს უთხრის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ბოლო პერიოდში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, საჭიროა ჩანაწერების კარგად გამოძიება.
„კიდევ ერთი დაკვირვება, რომელიც მაქვს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია – საჭიროა სხვადასხვა საუბრის და ფარული ჩანაწერების კარგად გამოძიება. ეს ყველაფერი მოქალაქეებზე მოახდენს ზეგავლენას. ისინი პოლიტიკური ისტებლიშმენტისადმი ნდობას საერთოდ დაკარგავენ, იმის გარკვევას კი არ დაიწყებენ, რა არის მართალი და რა არ არის სწორი, რადგან ეს ყველაფრის ნარევია. ზოგადად, პოლიტიკის მიმართ ადამიანების ნდობას ძირს უთხრის“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
მისი შეფასებით, ეს პრობლემაა, რომლის მოგვარებაზეც ყველა უნდა დაფიქრდეს. ამავე დროს, სერიოზულად უნდა იყოს გამოძიებული ყველა ბრალდება, რომელზეც ჩანაწერებშია საუბარი.
„ეს პრობლემაა და ამაზე უნდა ვიფიქროთ. უნდა დავფიქრდეთ აღნიშნულ საკითხს როგორ მოვუაროთ. ბრალდებები კი, რომელიც ისმის, სერიოზულია და, რა თქმა უნდა, საფუძვლიანი გამოძიება სჭირდება“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
კარლ ჰარცელმა, რომელმაც საქართველოში ევროკავშირის ელჩის თანამდებობაზე იანოშ ჰერმანი შეცვალა, დღეს მედიის წარმომადგენლებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.