კარლ ჰარცელი - ჩაი გურიის საფირმო ნიშანია, იმედი მაქვს, საერთაშორისო ბაზრებზე, მათ შორის ევროპაშიც გავა ექსპორტზე
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ ჩაის პლანტაციის კოოპერატივს ეწვია.
კოოპერატივი „ნაგომარი“ 2015 წლის დეკემბერში შეიქმნა. ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, კოოპერატივმა ჩაის გადამუშავებისთვის საჭირო დანადგარების შეძენა და 12 ჰექტარი ჩაის პლანტაციის გაშენება შეძლო.
ამ დრომდე, კოოპერატივის მიერ სოფელ ნაგომარში ჯამურად რეაბილიტირებულია 25 ჰექტრამდე ჩაის პლანტაცია, რაც კოოპერატივის წარმოებული პროდუქციის რაოდენობის 12-13 ტონამდე გაზრდის საშუალებას იძლევა.
„გურიაში ჩაის ეს პლანტაციები ძალიან შთამბეჭდავია. ეს არის ჩვენი 17 პარტნიორი კოოპერატივისგან ერთ- ერთი. ჩაი საფირმო ნიშანია გურიის. მთელი ენერგია, რომლითაც ეს ყველაფერია გაკეთებული, ძალიან შთამბეჭდავია. იმედი მაქვს, რომ ის არამარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე, ექსპორტზეც გავა, მათ შორის ევროპის ბაზარზეც“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.