კარდინალი ფერნანდო ვერჯეს ალძაგა - საქართველო დაფუძნებულია რწმენაზე, სამოციქულო ტრადიციაზე, ღვთისმშობლისადმი თაყვანისცემაზე, უფალს არასოდეს მიუტოვებია საქართველოს მიწა
კარდინალი ფერნანდო ვერჯეს ალძაგა - საქართველო დაფუძნებულია რწმენაზე, სამოციქულო ტრადიციაზე, ღვთისმშობლისადმი თაყვანისცემაზე, უფალს არასოდეს მიუტოვებია საქართველოს მიწა

საქართველო დაფუძნებულია რწმენაზე, სამოციქულო ტრადიციაზე, ღვთისმშობლისადმი თაყვანისცემაზე, – ამის შესახებ ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს მმართველმა კარდინალმა, ფერნანდო ვერჯეს ალძაგამ ვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკის ინაუგურაციის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუნდაც მრავალი შემოსევისა და აჯანყების ფონზე, იმ პერიოდშიც კი, როდესაც ქვეყნის ბედი წყდებოდა, უფალს არასოდეს მიუტოვებია საქართველოს მიწა.

„თქვენი ქვეყანა დაფუძნებულია რწმენაზე, სამოციქულო ტრადიციაზე, ქრისტეს პირველი მოწაფეების მისიონერულ მოღვაწეობაზე, ასევე ღვთისმშობლისადმი თაყვანისცემაზე. ლეგენდის მიხედვით, ცნობილია, რომ ღვთისმშობელმა მიუთითა ანდრია პირველწოდებულს, საქართველოს ტერიტორიაზე ქრისტიანული რწმენა ექადაგა. ღვთისმშობლის ხატი სასწაულმოქმედია და მას ბევრი სასწაულის ჩადენა მიეწერება, თუნდაც ის, როდესაც ჭირის ეპიდემიის დროს სხვადასხვა ადგილას ჩაიტანეს და განკურნა ყველა, ვინც მის წინაშე ლოცულობდა, ღვთისმშობელს შესთხოვდა შველას. ღვთისმშობელი ქართველი ხალხის ისტორიასა და რელიგიაში ერთადერთი ქალის ფიგურა არ არის. ცნობილია კაბადოკიიდან ჩამოსული წმინდა ნინო. სწორედ მისმა ქადაგებამ დაარწმუნა მეფე მირიანი, 337 წელს გამოეცხადებინა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად. წმინდა ნინო ქართული მართლმადიდებლური სარწმუნოების დედად ითვლება.

ასევე, მინდა, გავიხსენო რომის პაპის, ფრანცისკეს სიახლოვე საქართველოს მიმართ. 2016 წლის 30 სექტემბრიდან პირველი ოქტომბრის ჩათვლით კავკასიის ქვეყნებში სამოციქულო მოგზაურობისას პონტიფიკოსი შეხვდა საეკლესიო და სამოქალაქო საზოგადოებას. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ვიზიტისას ხაზი გაუსვა, რომ ქრისტიანული გზავნილი ყოველთვის იყო ქართული იდენტობის გზავნილი და ეს იყო სტაბილურობის გარანტია. თუნდაც მრავალი შემოსევისა და აჯანყების ფონზე, იმ პერიოდშიც კი, როდესაც ქვეყნის ბედი წყდებოდა, უფალს არასოდეს მიუტოვებია საქართველოს მიწა, რადგან ის არის ყოველ სიტყვაში ერთგული და ყოველ საქმეში კეთილი, მაყუჩებელს მხარს უჭერს და დაცემულს აღადგენს. რომის პაპი ყოველთვის ახლოს არის ქართველ ხალხთან, მათ შორის, ხშირად გამოუვლენია სოლიდარობა“, – განაცხადა ფერნანდო ვერჯეს ალძაგამ.

ვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკა განთავსდა.