კანონპროექტის მიხედვით, აშშ სანქციებს უწესებს ნებისმიერ პირს, რომელიც 2012 წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ მუშაობდა პარლამენტის წევრად, აპარატის უფროს თანამშრომლად, ან იყო ან არის მოქმედი ან ქართული პოლიტიკური პარტიის ყოფილი მაღალჩინოსანი
კანონპროექტის მიხედვით, აშშ სანქციებს უწესებს ნებისმიერ პირს, რომელიც 2012 წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ მუშაობდა პარლამენტის წევრად, აპარატის უფროს თანამშრომლად, ან იყო ან არის მოქმედი ან ქართული პოლიტიკური პარტიის ყოფილი მაღალჩინოსანი

23 მაისს სენატორებმა ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა შეერთებული შტატების სენატში ორპარტიული კანონპროექტი წარადგინეს, რომელსაც „ქართველი ხალხის აქტი“ ეწოდება და ითვალისწინებს სანქციებს იმ პირების მიმართ, რომლებიც, შეერთებული შტატების მოსაზრებით, ხელს უშლიან საქართველოში დემოკრატიულ პროცესს და ევროატლანტიკურ გზაზე სვლას. ინფორმაციას ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

კანონპროექტის თანაავტორები ასევე არიან სენატორი ბენ კარდინი და სენატორი პიტ რიკეცი.

როგორც „ამერიკის ხმა“ წერს, აქტი მოიცავს დეტალურ ინფორმაციას საქართველოში ბოლო ხანს განვითარებული მოვლენების შესახებ და, აშშ-ის სენატის აზრით, საქართველოს ხელისუფლების მიმართ საჭირო ზომებს, „ქართული ოცნების” მიერ ე.წ. „აგენტების კანონის“ დაწინაურებაზე პასუხად. სენატი დოკუმენტში საუბრობს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის მმართველი ძალის მიერ აშშ-ის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის წინააღმდეგ მომხდარ თავდასხმებზე, ამერიკის წინააღმდეგ თავდასხმებზე, სამოქალაქო აქტივისტებზე ძალადობისა და დაშინების შემთხვევებზე, ჟურნალისტების საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე, ასევე გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შელახვაზე.

აქტში ნათქვამია, რომ „საქართველოს მმართველმა პარტიამ „ქართველი ხალხის სურვილის წინააღმდეგ” მიიღო „უცხოეთის აგენტების კანონი” და რომ ეს ნაბიჯი ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“.

აქტის მიხედვით, სენატი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკამ უნდა „გამოხატოს სერიოზული შეშფოთება იმ დაბკროლებებზე, რომლებიც ექმნება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებსა და პროცესების გაძლიერებას, მათ შორის, საგარეო აგენტების შესახებ კანონპროექტით, რომელიც შეანელებს ან შეაჩერებს საქართველოს პროგრესს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიღწევისკენ, რაც აღიქმება, როგორც საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიის სტაგნაცია და გამოიწვევს ნეგატიურ საშინაო და საერთაშორისო შედეგებს საქართველოს მთავრობისთვის“.

„ამერიკის ხმის“ ცნობითვე, აქტში საუბარია საქართველოს ხელისუფლების, ყოფილი და ახლანდელი წევრებისთვის სანქციების დაწესებაზე, რომლებიც თანამდებობაზე 2012 წლის შემდეგ იმყოფებოდნენ და ასევე იმ პირებზე, რომლებიც მონაწილეობენ ძალადობაში, მუქარასა და შანტაჟში სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა თუ ოპოზიციის წინააღმდეგ.

აქტი ამბობს, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა უნდა იყოს: „სწრაფი შედეგების დაკისრება იმ პირებზე, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი, ხელმძღვანელობდნენ ან პირდაპირ და შეგნებულად ჩაერთნენ ხელმძღვანელობაში, ქმედებებში ან პოლიტიკაში, რაც ძირს უთხრის საქართველოში მშვიდობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას, სუვერენიტეტს ან ტერიტორიულ მთლიანობას“.

როგორც „ამერიკის ხმა“ წერს, სენატში ინიცირებული საკანონმდებლო პროექტის მიხედვით, სანქციები, შესაძლოა, დაუწესდეს:

„(1) ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც 2012 წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ მუშაობდა საქართველოს მთავრობის პარლამენტის წევრად, საქართველოს მთავრობის პარლამენტის აპარატის უფროს თანამშრომლად, ან იყო, ან არის მოქმედი ან ქართული პოლიტიკური პარტიის ყოფილი მაღალჩინოსანი.

(2) ნებისმიერი პირი, რომელიც მსახურობს ხელმძღვანელ თანამდებობაზე, რომელიც მუშაობს საქართველოს მთავრობის სახელით, მათ შორის სამართალდამცავი, დაზვერვის, სასამართლო ან ადგილობრივი, ან მუნიციპალური ხელისუფლების სახელით.

(3) (1) პუნქტში აღწერილი თანამდებობის პირის ან (2) პუნქტში აღწერილი პირის უახლოესი ოჯახის წევრი“.

ამასთან, „ამერიკის ხმა“ წერს, რომ აქტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოს „პოლიტიკური მოტივაციით“ დაკავებული პირები და გაიწვიოს საქმეები მათ წინააღმდეგ. ის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარება, რათა ის ასახავდეს ქართველი ხალხის ნებას.

სენატორების მიერ წარდგენილი აქტი ავალდებულებს სახელმწიფო დეპარტამენტს, შეადგინოს იმ პირთა სია, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს, ჩართულია კორუფიცაში ან „ბლოკავს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას საქართველოში“.

აქტში ნათქვამია: „კონგრესის თვლის, რომ „ევროატლანტიკური ინტეგრაციის ბლოკირებისკენ მიმართული ქმედებები საქართველოში, კორუმპირებული ან ოლიგარქიული ძალების არასათანადო გავლენის გამო, წარმოადგენს კორუფციის ფორმას“.

კანონპროექტი მოიცავს როგორც სავიზო, ისე ქონებრივ სანქციებს.

„შეერთებულმა შტატებმა უნდა განიხილოს მოგზაურობის შეზღუდვები ან სანქციები პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან იმ ქმედებებზე, რომლებიც ხელს უშლიან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვას, რაც მოიცავს ძალადობას ან დაშინებას საქართველოს მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრების მიმართ”, – ნათქვამია აქტში.

კანონპროექტი ასევე განიხილავს კერძო საკუთრების გაყინვას და ავრცელებს საქართველოზე „რუსეთის მავნე საგარეო საქმიანობის“ და ე.წ. „მაგნიტსკის აქტით“ გათვალისწინებულ სანქციებს.

ამასთან, აქტში საუბარია საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პატრნიორობის შეჩერებაზე. „კონგრესის აზრით, [სახელმწიფო] მდივანმა უნდა შეაჩეროს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისია, რომელიც შეიქმნა 2009 წლის 9 იანვარს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით, მანამ, სანამ საქართველოს მთავრობა არ მიიღებს ზომებს, რათა (1:) ასახოს საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიული სურვილები და (2:) შეასრულოს თავისი კონსტიტუციური ვალდებულება – ხელი შეუწყოს ქვეყანას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ”, – ნათქვამია აქტში.

კანონპროექტი ხუთი წლის ვადით მოქმედებას ითვალისწინებს და გარდა სხვა ნაწილებისა, მოიცავს ვალდებულებას, რომ შეერთებული შტატების მთავრობამ გადახედოს საქართველოში მის მიერ განხორციელებულ პროექტებს, მის დახმარებას ქვეყნის შიგნით, შეაჩეროს საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა და გადახედოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას.

აქტში აღნიშნულია საქართველოს შეიარაღებული ძალების თანამონაწილეობა საერთაშორისო მისიებში და ნათქვამია, რომ უნდა იქნეს შესწავლილი, თუ როგორ გაგრძელდეს პარტნიორობა სამომავლოდ. აქტი ასევე ავალდებულებს სახელმწიფო დეპარტამენტს, შეისწავლოს რუსეთისა და ჩინეთის გავლენები საქართველოში. კანონპროექტით გათვალისწინებულია ქართული სამოქალაქო საზოგადოებისთვის 50 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება.