კანის საერთაშორისო კინოფესტივალში საქართველო ეროვნული პავილიონით მონაწილეობს
კანის საერთაშორისო კინოფესტივალში საქართველო ეროვნული პავილიონით მონაწილეობს

14-25 მაისს ქალაქ კანში 77-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იმართება, რომელზეც საქართველოს ეროვნული კინოცენტრის პავილიონი გაიხსნა.

კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით წარდგენილი საქართველოს პავილიონი წარმოაჩენს ქართული კინოს უმდიდრეს მემკვიდრეობას, წარადგენს ახალ პროექტებს, პოპულარიზაციას გაუწევს საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში კინოგადაღებებისთვის უმნიშვნელოვანეს ქვეყანას.

ქართული კინოს სათანადოდ წარდგენისა და პოპულარიზაციის მიზნით, კინოცენტრის დელეგაციაში მონაწილეობს არაერთი ქართველი რეჟისორი და პროდიუსერი, რომლებიც შეძლებენ სხვადასხვა საპროდიუსერო კომპანიის წარმომადგენლების გაცნობას და დასახავენ გეგმებს როგორც ერთობლივი პროდუქციის შესაქმნელად, ასევე, ქვეყნის კინოწარმოების განსავითარებლად. ეს ხელს შეუწყობს ქართველი კინოხელოვანების საერთაშორისო კავშირების განმტკიცებას და მათი მიმდინარე პროექტების წარმატებას. კინორეჟისორებითა და პროდიუსერებით დაკომპლექტებულ დელეგაციას აქვს შესაძლებლობა, საკუთარი შემოქმედებით თუ სამომავლო პროექტებით დააინტერესოს ევროპული ბაზარი და ხელი შეუწყოს ქართული კინოს პოპულარიზაციას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა მიმდინარე წლის მარტში კანის საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ჩვენების დაფინანსების მიზნით კონკურსი გამოაცხადა, რომლის შედეგადაც კინოფესტივალის ბაზრობაზე რეჟისორ თინათინ ყაჯრიშვილისა და პროდიუსერ ლაშა ხალვაშის ფილმის, „მოქალაქე წმინდანის“ ჩვენება გაიმართება, რომელიც გადაღებულია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ფილმი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია.

ევროპულ კინობაზრობაზე საქართველოს დელეგაციამ, რომელსაც ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ხუბუნაია ხელმძღვანელობს, უკვე გამართა შეხვედრები საერთაშორისო კინომწარმოებლებთან, სადისტრიბუციო კომპანიების, საერთაშორისო კინოორგანიზაციებისა და ფონდების წარმომადგენლებთან. ფესტივალის განმავლობაში დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები პროდიუსერებთან, კომპანიების, კინოთეატრების, ონლაინპორტალებისა თუ საერთაშორისო კინოფესტივალების წარმომადგენლებთან. დაიგეგმება პროექტები, რომლებიც საქართველოში უცხოურ ინვესტიციებს მოიზიდავს. ფესტივალის მსვლელობისას დაგეგმილია საქართველოს, როგორც კინოწარმოებისთვის მიმზიდველი ქვეყნის, რეკლამირება/პოპულარიზაცია. ამ მიზნით საქართველოს პავილიონში ეროვნული კინოცენტრის გუნდთან ერთად მუშაობენ პროგრამის – „გადაიღე საქართველოში“ – წარმომადგენლები.

ინფორმაციისთვის, 15-25 თებერვალს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლებმა, ქართველმა რეჟისორებმა და პროდიუსერებმა მნიშვნელოვანი და წარმატებული შეხვედრები გამართეს სხვადასხვა ქვეყნის კინომწარმოებელ კომპანიებთან, პროდიუსერებთან, საერთაშორისო კინოფესტივალების პროგრამების შემდგენლებთან და არაერთი ერთობლივი პროექტი დაგეგმეს.

ქართულ და ევროპულ კინოს, ათწლეულებია, მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს. სწორედ ამ ურთიერთობის გაღრმავებისა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივების წარმოსაჩენად იმყოფება წლევანდელ კანის კინოფესტივალზე საქართველოს კინოცენტრის წარმომადგენლობითი დელეგაცია.

ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.