კანადის თითქმის ყველა პროვინციაში ტყის ხანძრებია, ევაკუირებულია ათასობით ადამიანი [ვიდეო]

კანადაში, თითქმის ყველა პროვინციაში ტყის ხანძრებია, ათასობით ადამიანია ევაკუირებული, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

მასშტაბური ხანძრის შედეგად ყველაზე მეტად კვებეკის პროვინცია დაზარალდა. მედიის ცნობით, კვებეკის პროვინციიდან ამჟამად დაახლოებით 12 000 ადამიანია ევაკუირებული.

„ამჟამად ჩვენი ცოცხალი ძალებით შეგვიძლია, ვებრძოლოთ 40 ხანძარს ერთდროულად, მაგრამ ჩვენ გვაქვს 150 ხანძარი“, – განაცხადა კვებეკის პრემიერ-მინისტრმა, ფრანსუა ლეგოტმა.

ლეგოტის თქმით, დაახლოებით 520 მეხანძრეა ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული და იმედოვნებენ, რომ მომდევნო რამდენიმე დღეში კიდევ 500 მეხანძრე შეუერთდება აშშ-დან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და მექსიკიდან.

როგორც მედია წერს, კანადაში ამ დროისთვის 3,3 მილიონი ჰექტარი უკვე დაიწვა, რაც დაახლოებით 130-ჯერ აღემატება ბოლო 10 წლის საშუალო მაჩვენებელს. 120 000-ზე მეტი ადამიანი კი იძულებულია, დროებით დატოვოს საკუთარი სახლი.