კანადაში რუსეთის საელჩო - საქართველოში განხორციელებულ კიბერშეტევაში რუსეთის დადანაშაულება რუსოფობიული ნაბიჯია
კანადაში რუსეთის საელჩო კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, საქართველოში განხორციელებულ კიბერშეტევაში რუსეთის დადანაშაულებას, „რუსოფობიულ ნაბიჯს“ უწოდებს. ამის შესახებ კანადაში რუსეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ეს არის რუსოფობიული ტყუილისა და ყალბი ამბების კიდევ ერთი ფრაგმენტი, რომელსაც ოტავა თბილისთან და ვაშინგტონთან ერთად ავრცელებს. უაღრესად სავალალო პოლიტიკა, კიდევ უფრო აუარესებს რუსეთისა და კანადის ისედაც დასუსტებულ ურთიერთობებს“, – ნათქვამია კანადაში რუსეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კანადის საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.
საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელდა. პრობლემები შეექმნა ასობით საიტს, მათ შორის, საქართველოს პირველი არხის ვებპორტალს და შიდა ქსელს. დროებით შეფერხდა საქართველოს რადიოს მაუწყებლობა. ასევე, გაითიშა რამდენიმე ტელევიზია და სხვადასხვა ვებპორტალი.
კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც. ვებგვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა, წარწერით – „მე დავბრუნდები“ (I’ll be back).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.