კანადაში ხანძრის 426 კერას ებრძვიან. ცეცხლის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ტყის ხანძრების უმეტესობა კვებეკის პროვინციაშია.
ცეცხლის კერების ლიკვიდაციაში ჩართულია 1 200-ზე მეტი მეხანძრე, მათ შორის 100 ფრანგია.
სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ შემდეგი რამდენიმე დღე კრიტიკული იქნება.
მეტეოროლოგები კანადის ნაწილში წვიმას ელოდებიან, თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს არ იქნება საკმარისი ხანძრის ყველა კერის ჩასაქრობად.
ხანძრების გამო კვებეკის ჩრდილოეთიდან უკვე ევაკუირებულია 13 000 ადამიანი. მოქალაქეთა ნაწილი ჯერ ისევ რისკის ზონაში რჩება.
კანადში ტყის ხანძრები ყოველ წელს მძვინვარებს, თუმცა წელს მასშტაბები უპრეცედენტოდ დიდია. ცეცხლი 4,4 მილიონ ჰექტარზეა გავრცელებული. ხანძრების შედეგად წარმოქმნილი კვამლი გავრცელდა აშშ-ის ქალაქებში, რის გამოც ჰაერი დაბინძურებულია.