კახეთში ჟურნალისტებმა აქციაზე დაშავებულ მედიის წარმომადგენლებს სოლიდარობა გამოუცხადეს
კახეთში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა გუშინ რუსთაველის გამზირზე, აქციაზე დაშავებულ ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
ჟურნალისტები თელავში შეიკრიბნენ და თბილისში განვითარებული მოვლენები დაგმეს. მათი თქმით, მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლისა და მათზე ფიზიკური ძალადობის ფაქტები შსს-მ დროულად უნდა გამოიძიოს და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.
„გუშინდელი ფაქტი რადიკალურად განწყობილი ჯგუფების მიერ იყო ჟურნალისტებისთვის ანგარიშსწორების ფაქტი, რაც არც ეროვნულობის და არც დემოკრატიის ნიშნებს არ შეიცავდა. ჟურნალისტები თავს ვგრძნობთ დაუცველად. ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება, გახდეს თავდასხმის ობიექტი. დამნაშავეების დასჯას მოვითხოვთ“, – აცხადებენ მედიის წარმომადგენლები.
რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა გუშინ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი.
ამასთან, საქართველოს პირველმა არხმა გუშინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ გმობს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, უმოკლეს დროში გამოიძიონ ყველა მომხდარი ფაქტი. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებელი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ მედიისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო, რაც აუცილებელია საზოგადოების სრულფასოვნად ინფორმირებისთვის.