საქართველოს პირველი არხი გმობს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას, რა დროსაც დაშავდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი
საქართველოს პირველი არხი გმობს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას, რა დროსაც დაშავდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი

​რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა დღეს განახორციელეს ძალადობრივი, შეურაცხმყოფელი და აგრესიული ქმედებები ჟურნალისტების მიმართ, რა დროსაც დაშავდა საქართველოს პირველი არხის ოპერატორი ილია თვალიაშვილი. იგი ამჟამად იმყოფება კლინიკაში, დანარჩენი გადამღები ჯგუფები კი, რომლებიც ადგილზე მუშაობდნენ, გახდნენ დევნისა და შეურაცხყოფის ობიექტი.

ამასთან, დაზიანებულია მაუწყებლის კუთვნილი აპარატურა. ჟურნალისტები ადგილიდან საპატრულო პოლიციამ გაარიდა.

აქციაზე ასევე დაშავდნენ სხვა მედიასაშუალებების გადამღები ჯგუფები.

საქართველოს პირველი არხი გმობს მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობას და მათ პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას.

საქართველოს პირველი არხი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, უმოკლეს დროში გამოიძიონ ყველა მომხდარი ფაქტი. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებელი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ მედიისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო, რაც აუცილებელია საზოგადოების სრულფასოვნად ინფორმირებისთვის.

დატოვე კომენტარი