კახაბერ საბანაძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა
კახაბერ საბანაძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

კახაბერ საბანაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

„მსურს, გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში მედიაში გასულ სიუჟეტებს და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ წლების განმავლობაში ვემსახურებოდი სახელმწიფოს და ვიცავდი კანონს, რომლის ზედმიწევნით აღსრულებაც იყო, არის და იქნება ჩემთვის უპირველესი.

ვფიქრობ, რომ ზემოხსენებულ ფაქტებს სჭირდება შესწავლა, შესაბამისად უნდა ჩატარდეს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომელიც დაადგენს სიმართლეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგამოძიებო პროცესის მიმართ ნდობის უზრუნველყოფის მიზნით, ვტოვებ თანამდებობას! ვფიქრობ, ეს იქნება პრეცედენტი ყველა თანამდებობის პირისათვის, საზოგადოებაში ობიექტურად გაჩენილი კითხვების შემთხვევაში იმოქმედოს პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტით.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ღირსეულ პოლიციელს, ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში ვიმუშავე. სისტემაში მუშაობენ გმირები, რომელთა მხრებზეც დგას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, მინდა წარმატება ვუსურვო მათ სამშობლოს სამსახურში“, – წერს კახაბერ საბანაძე.

კახაბერ საბანაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2017 წლიდან მუშაობდა.

მსურს, გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში მედიაში გასულ სიუჟეტებს და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ წლების განმავლობაში ვემსახურებოდი…

Posted by Kakhaber Sabanadze on ორშაბათი, 22 მარტი, 2021